|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნდა მოხდეს თუ არა კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი? - ქუთაისის საკრებულო მოსახლეობის აზრის შესწავლას ითხოვს

 ქუთაისში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საჭიროებას მოსახლეობა გადაწყვეტს - ამ რეკომენდაციით ქუთაისის საკრებულოს  მასთან არსებულმა გენდერულმა საბჭომ მიმართა.  საკითხი დღეს ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ განიხილა.    

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ძეგლის არსებობა "თავისუფლების ქარტიას" ეწინააღმდეგება, თუმცა ვიდრე მის აღებას გადაწყვეტენ, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა უნდა მოხდეს.

"რეკომენდაცია გენდერულ საბჭოზე მომზადდა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა ქალაქის რეალობაში დიდი ხანია არსებობდა. პირადად ჩემი აზრია, რომ  კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება "თავისუფლების ქარტიას". ის რაც ეწინააღმდეგება კანონს, ვფიქრობ, რომ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ სჯობს, რომ გავიგოთ მოსახლეობის აზრი, არა მხოლოდ გამარჯვების მუნიციპალიტეტის, არამედ ქალაქის მცხოვრებლების. ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება",   - განაცხადა ირაკლი შენგელიამ. 

 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლორთქიფაძის განცხადებით, მართალია, ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიის ერთ მუხლს, მაგრამ წინააღმდეგია იმისა, რომ საზოგადოებას აზრი არ კითხონ. 

"ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხი მხოლოდ რომელიმე კონკრეტულმა ჯგუფმა, საკრებულოს კომისიამ ან ქალაქის თვითმმართველობამ არ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენი კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ ქალაქის თვითმმართველობამ დაიქირავოს ობიექტური კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოახდენს გამოკითხვის ჩატარებას. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ძეგლი უნდა დარჩეს ადგილზე, მაშინ, ჩვენ რაღა თქმა უნდა ძეგლს ხელს არ მოვკიდევთ" - განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

კითხვაზე, ვისი ძეგლი შეიძლება განთავდეს ადგილზე, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება, თუმცა,  შესაძლოა,  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კითხვარში ამის შესახებაც გაჩნდეს კითხვა. 

 ძეგლის აღების წინააღმდეგ დააფიქსირა საკუთარი აზრი საკრებულოს წევრმა დავით წულეისკირმა. მისი თქმით, ძეგლი ჩვენი ისტორიაა და ის შთამომავლობას უნდა შემოვუნახოთ.

 შეგახსენებთ, კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩემი სახლია"  აქტიურად ითხოვს.  ბოლო წლებში აღნიშნულ ადგილზე შოთა რუსთაველის ძეგლის განთავსების საკითხი განიხილებოდა, წელს კი ამ ადგილზე ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის იდეა ქალაქის მერის  მრჩეველთა საბჭოში გაჟღერდა.  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე