|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კორონავირუსი რომ დამიდასტურდა, მეგონა, ცხოვრება დამთავრდა" - რას ყვებიან "უხილავ მტერთან" პირისპირ დარჩენილები?

რას ყვებიან კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული პაციენტები და რას სირთულეებს აწყდებოდენ მედიკოსები ყველაზე ხშირად უცნობი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისას? -  "უხილავ მტერთან" პირისპირ აღმოჩენილი პაციენტებისა  და ექიმების ისტორიები "ნიუპრესმა" შეაგროვა.  

შუახნის მამაკაცი  კორონავირუსს 35 დღე  ებრძოდა. მისი მთავარი კითხვა იყო,- „ხომ გადავრჩები“ ?!.  მას ვირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რაც მის მდგომარეობას ართულებდა.

 პაციენტის შემთხვევა ესპანეთში მოგზაურობას უკავშირდება. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. მე-6 დღეს კი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა. ქუთაისის ცხელების ცენტრში კი მას „კოვიდ-19“  ვირუსი დაუდასტურდა. როგორც „ნიუპრესს“ შ.მ უყვება მისი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწორედ მის სანახავად გაემგზავრა.  ვერ იხსენებს, რა დროს შეიძლება ვირუსით დაინფიცირებულიყო, ამბობს რომ ყველა წესის დაცვით მოქმედებთა, თუმცა სადღაც შეცდომა დაუშვა.

„ვერ ვიხსენებ,  სად შეიძლება დამეშვა შეცდომა, თითქოს,  ყველა წესის დაცვით ვმოქმედებდი, ფაქტია,  რომ რაღაც გამომეპარა.  ყველაზე მეტად მოლოდინის რეჟიმი გამიჭირდა, ვირუსი რომ დამიდასტურდა, მეგონა ცხოვრება დამთავრდა.  ვშიშობდი, რომინფექცია მომერეოდა, ჩემი ქრონიკული დაავადებების გამო,  თუმცა შემდეგ, ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე. 35 დღეა კლინიკაში ვარ, ყველაზე მეტად განვიცდიდი,  მედპერსონალი არ დამეინფიცირებინა. ახალგაზრდა გოგონები თან მყვებოდნენ, ნამდვილად უშიშრები და შეუპოვრები არიან, მათი ერთი თბილი სიტყვა ჩემთვის დიდი სტიმული იყო. წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში  ერთ ოთახში გამოკეტილი იმის შიშით და მოლოდინით,  გაუძლებს თუ არა ჩემი ორგანიზმი ამ  ვირუსს“,- გვიამბობს შ.მ.

პაციენტს ყველაზე მეტად შვილიშვილების დანახვა და მათი მოფერება ენატრება, მაგრამ ჯერ კიდევ ორი კვირა საკარანტინე სივრცეში უნდა იყოს.

გაცილებით რთული შემთხვევა იყო 50 წლის ქალბატონის ნ.დ ისტორია. ის შვილთან და მეუღლესთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახმა მისი დაკრძალვა საქართველოში გადაწყვიტა. ტრანსპორტირების დროს კი გარდაცვლილის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა.

 ის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.

„შვილის დაკრძალვასაც  ვერ დავესწარი,  რა უნდა ვთქვა. მაპატიეთ, მიჭირს საუბარი“, - ამბობს პაციენტი.

პაციენტმა ვირუსი ინფიცირებიდან 21-ე დღეს დაამარცხა, რის შემდეგაც საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

რიგით 26-ე პაციენტმა, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, 16 დღეში დაამარცხა კორონავირუსი, ასაკოვანი მამაკაცი ოჯახის წევრებთან ერთად ესპანეთში მოგზაურობდა, სწორედ იქ მოხდა მისი დაინფიცირება.  

 

კორონავირუსით ინფიცირებულების გამოჯანმრთელებაში კლინიკა „ლჯ და კომპანის“ ჩვიდმეტი ექიმია ჩართული. ეპიდემიის წინა ხაზზე მყოფი ექიმები და ექთნები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მათ შორის არის მარიამ ვარდანაშვილი, რომელიც პაციენტებს პოზიტიურ განწყობას უქმნის და ცდილობს ვირუსი ასე დაამარცხოს.  მარიამ ექიმის პირველი პაციენტი შუა ხნის ქალბატონი იყო, რომელიც  კლინიკაში 30 მარტს მოათავსეს. ექიმიც და პაციენტიც უცნობ ვირუსთან პირისპირ აღმოჩნდენ.

„პირველი ემოცია და პაციენტთან პირველად შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცოტა დაძაბული ვიყავი, თუმცა მობილიზებული. პაციენტის პირველი კითხვა იყო, - ექიმო, რა მეშველება? ხომ გადავრჩები?  ისინი ეძებენ იმედს, როცა ასეთი ემოცია მოდის პაციენტიდან ცდილობ უფრო მობილიზდე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვცდილობ დაავამშვიდო, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ესაუბრები პაციენტს.  მას დავპირდი, რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელებულს გავუშვებდით კლინიკიდან და ასეც მოხდა. ორი კვირის შემდეგ პპაციენტი გამოჯანმრთელდა. ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა და პოზიტივი, პაციენტი შემართებით უნდა იყოს“,-ამბობს მარიამი.

ფოტოზე: მარიამ ვარდანაშვილი

კლინიკის ექიმების ცხოვრება კოვიდის შემდეგ შეიცვალა. ახლა ექიმებს ყოველ დღე უფრო სხვა ფიქრები აქვთ.

„სამსახურში რომ მივდივარ,  ვფიქრობ, რა დამხვდება, ახალი პაციენტი ხომ არ დაგვმატებია. რუტინულია ყოველ დილით დაწყებული გზა საავადმყოფოს კარიდან პაციენტის პალატამდე. ხელების დამუშავება, ნიღაბის, ხელთათმანის, ხალათისა და სპეციალური ეკიპირების მორგება  -  ეს პროცედურები უკვე ჩვენი ცხოვრების წესად იქცა“,- გვიამბობს მარიამი.

ექიმ-ინფექციონისტის ნესტან ჭეიშვილის თქმით, თავდაპირველად  ძალიან რთული იყო სპეც აღჭურვილობასთან შეგუება, თუმცა დღეს უკვე ყველა პროცედურა  ცხოვრების წესად აქვს. ის პირველ პაციენტთან შეხვედრას იხსენებს.

„ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი პირველი პაციენტი ოპტიმისტი იყო. 90%-ით დარწმუნებული იყო, რომ ვირუსს დაამარცხებდა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. ცხადია, ასეთმა დამოკიდებულებამ გამიიოლა მასთან კომუნიკაცია“,- ამბობს ინფექციონისტი.

მისი თქმით, პანდემიამ სრულად შეცვალა მიდგომა პაციენტებსაა და ექიმებს შორის. ის, რაც აქამდე უჩვეულო და ყურადღების მიღმა იყო, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა.

„ადრე თუ პაციენტები გვირეკავდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეკითხათ, ახლა პირიქითაა, ჩვენს მდგომარეობას კითხულობენ, ეს ძალიან ემოციურია“,- ამბობს ჭეიშვილი.

ფოტოზე: ნესტან ჭეიშვილი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 5 თვის განმავლობაში 500 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 53 პაციენტს დაუდასტურდა. კლინიკა გამოჯანნრთელებულმა 49 პაციენტმა დატოვა. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 3 პაციენტია მოტავსებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი