|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვტოვებ ყველა იმ კომისიას, სადაც ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე არიან" - გიგა შუშანია

ვტოვებ ყველა იმ კომისიას სადაც ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე არიან წარმოდგენილი - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, ამით ის ბოიკოტს უცხადებს სიძულვილის ენის ტირაჟირებას და კერძო ინტერესების გატარებას ქუთაისის საკრებულოში.

 "ბოლო პერიოდში ქუთიასის საკრებულოს წევრების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირებამ და აბსოლუტურად მიუღებელმა განცხადებებმა სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. სამწუხაროდ, ქალაქ ქუთაისის "ქართული ოცნების" უმრავლესობამ არაჯეროვანი ქმედებები გაატარა იმისათვის, რომ ეს ადამიანები საკრებულოს წევრები არ ყოფილიყვნენ, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ, ყველა იმ კომისიას, სადაც იქნებიან წარმოდგენილი ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე, გამოვუცხადო ბოიკოტი. მე უფრო ადრე დავტოვე ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის მართვის კომისია, სადაც იყვნენ ორივე, ახლა კი მივმართე საკრებულოს და დავტოვე საფინანსო-საბიუჯეტო კომისია. ყველა იმ კომისიას ვუცხადებ ბოიკოტს, სადაც ეს ორი ადამიანი იქნება წარმოდგენილი. შეუძლებელია,  ასეთი ტიპის ადამიანებთან ქალაქის მომავალზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. ეს ადამიანები დაკავებული არიან სიძულვილის ენის ტირაჟირებით, ალეკო ახალაძე დაკავებულია სისულეების საუბრით და საკუთარი ბიზნესის ლობირებით, აქედან გამომდინარე, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ამ ადამიანებთან თანამშრომლობის", -განაცხადა გიგა შუშანიამ. 

 შეგახსენებთ, ნანა კოსტავას საზოგადოება სიძულვილის ენის შემცველი პოსტის გამო დაუპირისპირდა, ალეკო ახალაძემ კი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შესაძლოა, მომიტინგეებს დამიზნებით  "ჩანერგილი სპეცრაზმელები" ესროდნენ  თვალში, რათა ამას რევოლუციური პროცესები მოჰყოლოდა და აქციის მონაწილეებს ეთქვათ, “თვალები დაგვთხარესო.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა