წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მოწევა ცხოვრების ნორმასავით იყო -თამბაქოს კონტროლის ალიანსი
წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ეწეოდნენ ყველგან და ყველასთან, მოწევა ცხოვრების ნორმასავით იყო, - აღნიშნულის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი აცხადებს, რომელიც ამ მიღწევით თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღეს ხვდება.
„29 მარტს, საქართველოში, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება. 27 წელზე მეტია, ამ დღის დაარსებით ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო აქტიური მუშაობა საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე უმძიმესი გავლენების შესამცირებლად, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია დღეს უკვე ახალი ტექნოლოგიებით განაგრძობს.
თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თუმცა თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს აგრესიული მარკეტინგის და პოპულარიზაციის შედეგად მწეველობა კვლავაც აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებში თამბაქოს ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით ელ. სიგარეტის მოხმარების ზრდა და მოწევაზე დამოკიდებულება.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები და თეატრალური სცენა წარმოადგენს.
თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედების შედეგად სოციალური თავშეყრის, დახურული სივრცეები სრულად გათავისუფლდა მომწამვლელი კვამლისგან და წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ეწეოდნენ ყველგან და ყველასთან, მოწევა ცხოვრების ნორმასავით იყო. მეორადი კვამლის მავნე შედეგების აღმოსაფხვრელად, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და მოწევა აიკრძალა ტაქსებში. მოწევა დაუშვებელია კერძო ავტომობილებშიც, თუ მისი საშუალებით მოზარდი გადაადგილდება.
თამბაქოს კონტროლის რეფორმის გასაძლიერებლად აუცილებელია:
- კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის გაძლიერება და დაფინანსების გაზრდა, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონის ეფექტური აღსრულება.
- თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენის შემცირება საკანონმდებლო პროცესებზე და საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესობა. კერძოდ, თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნების აღსრულება და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც გამჭვირვალეს გახდიდა თამბაქოს ინდუსტრიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას. აღნიშნული აქტის მიღება მთავრობას 2018 წლიდან ევალება.
- თამბაქოს ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს, რეგულაციების გამკაცრება, რათა შემცირდეს მათი ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაიზარდოს და გათანაბრდეს გადასახადი ყველა ამ პროდუქტზე, რომელებიც თანაბრად აყენებენ ზიანს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების უწყვეტ რეჟიმში ჩატარება, რაც თამბაქოსა და ახალი პროდუქტების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს.
- თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო აქტებთან შეერთება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება და მიიღოს ტექნიკური მხარდაჭერა თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ.
კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის რეფორმის წარმატებისთვის. ამ პროგრამის გარეშე, კანონის დარღვევები შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, რაც შეამცირებს რეფორმის ეფექტურობას. პროგრამის გაძლიერება, დაფინანსების და გეოგრაფიული მოცვის გაზრდა უზრუნველყოფს კანონის ეფექტურ აღსრულებას და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას.
თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის და თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, აუცილებელია დამატებითი ზომების გატარება, კერძოდ, თამბაქოს დასრულების პოლიტიკის შედეგად, 2040 წლამდე ყველა პროდუქტის მოხმარების მინიმუმზე დაყვანა (5% და ნაკლები), რათა საზოგადოების ჯანმრთელობა დაცული იყოს", აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.
ავტორი: