წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ხარისხიან სწავლებას ითხოვენ
ახალგაზრდებისათვის განათლების მიცემაა მთავარი მიზანი, რის გამოც არსებობს უმაღლესი სასწავლებელი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს მოთხოვნა უგულებელყოფილია. პრობლემა უცხო არც წერეთლის უნივერსიტეტისთვისაა. ესეცაა მიზეზი იმისა, რომ ქუთაისელი ახალგაზრდები საკუთარ ქალაქში დარჩენაზე უარს ამბობენ და სასწავლებლად სხვაგან წასვლას ამჯობინებენ. საკითხი, რომელიც წლების მანძილზე აწუხებს ადგილობრივ სტუდენტთა უმრავლესობას, დღემდე აქტუალური რჩება.
რამდენად შესაბამის ცოდნას იღებენ უმაღლესი სასწავლებლიდან და გაამართლა, თუ არა მათი მოლოდინი ქუთაისის წამყვანმა უნივერსიტეტმა, ამის შესახებ სტუდენტებს გავესაუბრეთ.
ჩვენი რესპოდენტები წარმატებული და სტიპენდიანტი სტუდენტები არიან. რომლებიც სამართლის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, კომპიუტერული მეცნიერებების და საჯარო მმართველობის სპეციალობაზე სწავლობენ.
„ნებისმიერ განყოფილებაში, სამკითხველოდან დაწყებული სტუდენტთა დახმარების ცენტრით დამთავრებული, სადაც რაიმე კითხვით მიმიმართავს, პასუხის ნაცვლად ყველგან აგრესიას ვიღებ. ხანდახან გადადიან ზრდილობის ფარგლებსაც, მათთვის სტუდენტი აღიქმება, როგორც გაუნათლებელი ადამიანი, რომლის გამოთქმული ნებისმიერი აზრი უზრდელობაა. საბედნიეროდ, ჩვენი სამდივნო გამონაკლისია.
რაც შეეხება ლექტორებს, მყავს კვალიფიციური ლექტორები, მაგრამ ვხვდებით საპირისპიროსაც.
ხშირად სწორედ ლექტორებისგან მესმის დისკრიმინაციული და სტერეოტიპული განცხადებები. მაგალითად, ის რომ შიდსი გამოიწვია „ზანგების“ გავრცელებამ მსოფლიოში, ან თუნდაც ის, რომ ლექტორი ხანდახან გვიკითხავს ლექციას, თუ როგორ უნდა უღალატოს ქმარმა ცოლს და ა.შ. არის ლექტორების მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება. შეურაცხმყოფელი სიტყვები სტუდენტების მისამართით. კარგი იქნება, ჩვენ, სტუდენტებმა პროტესტი გამოვთქვათ ამის გამო, რომ მათ შეწყვიტონ ასეთი სახის ქადაგებები და დისკუსიები“,- გვითხრა გიორგი ბურჯალიანმა, სამართლის კურსის სტუდენტმა.
ლექტორებისა, თუ უნივერსიტეტის პერსონალის დამოკიდებულებასთან ერთად სტუდენტებისათვის პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების მოძველებული ფორმები და ის წიგნები, რომლითაც განათლებას იღებენ.
„თავიანთი დაწერილი წიგნებით გვასწავლიან. საინტერესოა, ვინ უშვებს ამ წიგნებს, ან ვინმე თუ ინტერესდება მისი ხარისხით. პირველი კურსიდან მოყოლებული მესამე წელია, ერთი ლექტორი გვასწავლის ერთი და იმავე თემას. უბრალოდ, სხვა სახელით, მისი დაწერილი წიგნი რომ კომპეტენტური იყოს, ასე არ დაგვემართებოდა. შეზღუდულები ვართ, თავისუფალი ნება აქ არ არსებობს. მაგალითად, როცა ლექტორს არ აქვს აქტივობის ქულა, მოსვლას არ უნდა გვაძალებდეს. ზოგი მათგანი ამბობს, რომ თუ არ მივალთ, ქულას არ დაგვიწერს. პირველ კურსზე გამოუცდელი ხარ, აჟიტირებული და ყველაფერი კარგად გეჩვენება, ამიტომაც აქამდე ხმა არ ამომიღია“,– ამბობს მანანა ხაჭაპურიძე, საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტი.
პრობლემაზე საუბრობს კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის სტუდენტი გიგა სვანაძეც.
„გვასწავლიან მოძველებული მეთოდებით. იმას, რაც თვითონ იციან, რეალურად კი, ეტაპობრივად პროგრამის გადახალისებაა საჭირო. მინდოდა უნივერსიტეტს ესწავლებინა ჩემთვის და არა, მე მესწავლა ჩემით. უნივერსიტეტში მოსვლის დღიდან მეუბნებოდნენ, "შენით თუ არ ისწავლე, არაფერი გამოვა“. ვსწავლობ, მაგრამ მიმართულება მაინც ხომ უნდა მომცენ, რა ვისწავლო",-აღნიშნავს გიგა სვანაძე.
"რადგან სტუდენტი ხარ, შეუძლებელია, მათსავით ჭკვიანი, ან კულტურული იყო",- ასეთი დამოკიდებულება აქვს პერსონალის უმრავლესობას სტუდენტებთან. ამასთან, ხშირად, ლექტორები არღვევენ სტუდენტების უფლებებს და ლექციებს აცდენენ.
„წესით, უნდა გვასწავლიდნენ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები, მაგრამ უმრავლესობა არის ისტორიკოსი. ამავდროულად, ვინც გვასწავლის, ის ლექტორებიც აცდენენ, არ დადიან ლექციებზე. სტუდენტი დადის, ლექტორი არ დადის. მიზეზი თურმე ის არის, რომ ლექტორი ძალიან დაკავებულია. ჩვენ ამის თაობაზე მივმართეთ დეკანატსაც, პრორექტორ შალვა კირთაძესაც, შეგვპირდნენ, მოვაგვარებთო, მაგრამ დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა“,- აცხადებს მაია გიორგაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი.
ჩვენი მიზანი კონკრეტული ლექტორ–მასწავლებლების სახელებისა და გვარების დასახელება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ სტუდენტების პრობლემებზე.
უმეტესწილად, სტუდენტები ვერ სარგებლობენ სიტყვისა და გამოხატვის უფლებით. გამბედაობად იქცა დაიცვას სტუდენტმა მისი უფლებები მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად. პროტესტის გამოხატვით საფრთხეში აგდებენ წარჩინებული სტუდენტის სტატუსს.
“მართალია, ჟურნალისტი ვარ, მაგრამ აქ ჩემი სახელის დაწერა უარყოფითი შედეგის გარდა არაფერს მომიტანს. ლექტორები ცუდად იგებენ, როცა უნივერსიტეტზე უაყროფითად საუბრობ. როცა მეუბნებიან, რომ მე სიტყვის თავისუფლება უნდა დავიცვა. რატომ არ უნდა მქონდეს უფლება, თავისუფლად ვილაპარაკო იმაზე, რაც უნივერსიტეტში ხდება?.. ვსწავლობთ თეორიულ მასალას, მაგრამ გადის დრო და ჟურნალისტისთვის გამოსადეგი უნარები არ გვრჩება. კარგი იქნება, შემოიყვანონ პრაქტიკოსი ჟურნალისტები და მხოლოდ „დროების“ დაბეჭვდის თარიღები არ ვისწავლოთ. პრაქტიკას და თეორიას ერთდროულად ვერ გვთავაზობს უნიევრსიტეტი. პრაქტიკული ცოდნის მიღება გვიწევს უნივერსიტეტის გარეთ, რაც ხანდახან ხელს უშლის ლექციაზე დასწრებას. იმ დროს, როდესაც მე იმას ვაკეთებ დამოუკიდებლად რასაც უნივერსიტეტი უნდა მაძლევდეს, მიწერენ არებს, მაკლებენ ქულებს. უნივერსიტეტმა თავად უნდა უზრუნველყოს პრაქტიკები, რომ უნივერსიტეტში საქმე არ გავიფუჭოთ.“
„დათვური სამსახური სტუდენტებისთვის ტკბილია. როცა ერთი და ორი ადამიანი გამოთქვამს პროტესტს, შემდეგ რჩება ის ერთი და ორი, საბოლოოდ ისინიც ჩუმდებიან, რადგან იციან შემდგომ სამართლიანობას ვერ მიიღებენ და ერთგვარი გადაკიდების პრინციპი დაიწყება. წესით, უნივერსიტეტი კმაყოფილი უნდა იყოს, რომ მის აღზრდილებს აქვთ პროტესტის გრძნობა და არ ეშინიათ აზრის გამოხატვის, ჩვენთან პირიქით ხდება.“
სტუდენტების შენიშვნების ნაწილზე ინფორმაციას არ ფლობს წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე, ამავდროულად აცხადებს, რომ სტუდენტის უფლების დაცვა უზენაესია და დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს არაპროფესიონალ ლექტორებს:
„უნივერსიტეტი დამნაშავეა მაშინ, როდესაც სტუდენტი პრობლემაზე საუბრობს და უნივერსიტეტი ამას ვერ გადაჭრის. ასეთ ლექტორებს ვუცხადებ დაუნდობელ ბრძოლას, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას ბოლომდე. უცენზურო სიტყვის თქმა ყოვლად მიუღებელია. ჩემთვის მთავარია, სტუდენტის უფლებები არ დაირღვეს. მე შეხვედრას ვატარებ ლექტორების გარეშე, ზუსტად ეგ პრობლემა რომ არ იყოს. ვერცერთი სტუდენტი ვერ იტყვის, რომ მათ არ ვუსმენთ და მთ პრობლემებს არ ვეცნობით. ჩვენ ყველას ვეხმარებით, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში. მოვიდნენ ეს ბავშვები ჩემამდე და მე შევეცდები აღმოვფხვრა მათი პრობლემა, თუ ეს უნივერსიტეტს ხელეწიფება“–განაცხადა შალვა კირთაძემ.
ვიდრე სტუდენტი არ დაიცავს თავის უფლებას და სტატუსისა და ქულის დაკარგვის შიშით არ ისაუბრებს პრობლემაზე, ვიდრე ადმინისტრაცია არ და ვერ შეამჩნევს მის სივრცეში არსებულ ხარვეზებს, უნივერსიტეტს უმაღლესი სასწავლებლის მხოლოდ სახელი დარჩება.
ავტორი: მარუსა ხურციძე