წიგნი, რომელმაც ვარშავის სამიტის სტუმრებს საქართველოს ისტორია გააცნო
ვარშავის სამიტის სტუმრებს პოლონეთმა საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა. წიგნი, ალბომი „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ _ ქართული ემიგრაცია პოლონეთში, 1921-1939“ პოლონეთში მოღვაწე დოქტორ დავით ყოლბაიას ავტორობით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით გამოიცა.
წიგნის ავტორი საქართველოს ისტორიაზე, პოლონეთში ქართული ემიგრაციის ცხოვრებასა და მათი ჩასვლის გზებსა და მიზეზებზე მოგვითხრობს.კრებული ქართველი იუნკრების შესახებ, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მფარველობაში მიღებიდან 95 და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის თავთან დაკავშირებით გამოიცა.
საქართველო _ პრეიოსტორია, ქვეყნის დამწერლობა, ღირსშესანიშნაობები, სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკა _ ავტორი არც ერთ საკითხს არ ტოვებს ყურადღების მიღმა და გულდასმით მიმოიხილავს იმდროინდელი საქართველოს შიდა თუ საერთაშორისო განვითარების უცნობ დეტალებს. ავტორი უნიკალური ფოტომასალით მკითხველს აცნობს იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, სამშობლო დატოვეს და ცხოვრება პოლონეთს მჭიდროდ დაუკავშირეს.
პოლონეთმა ქართველ იუნკრებსა და სამხედროებს თავშესაფარი მისცა, პოლონურმა სამხედრო სამსახურმა კი უზრუნველყო მათი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი იან მალიცკი აღნიშნავს: „მიუხედავად ქართველ მებრძოლთა ყოველდღიური ცხოვრებისეული კუთხით წარმოჩენისა, ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ არ შენელებულა მათი სიამაყე და ღირსება. მათ ხომ ჯერ დამპყრობელთაგან გადაირჩინეს თავი, შემდეგ ცხვრება ახალ სამშობლოში დაიწყეს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე სამშობლოსათვის გაწირეს თავი". „რეჩპოსპოლიტა დაეხმარა მათ ვისაც ეს სჭირდებოდა, მხარდაჭერა და ზრუნვა არ მოუკლია მათთვის. თავის მხრივ, ქართველებმაც ცდა არ დააკლეს _ ერთგულებითა და თავგანწირვით იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ციხეებსა და კატინში, შემართებით, საკუთარი სიცოცხლის გაღებით, მადლიერება გამოხატეს ახალი სამშობლოს მიმართ".
სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი mod.gov.ge
ავტორი: ნიუპრესი