"წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო"
NDI–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო გარემო შეაფასა. დელეგაციის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა, რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, მათი თქმით, პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო, ძალადობისა და შევიწროების ინცინდენტებით ხასიათდებოდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს”- განაცხადა დელეგაციამ.
მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და - შეიძლება ითქვას - ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში ძირითადად მოწესრიგებულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.
საუბნო საარჩევნო წევრები საკუთარ მოვალეობებს გამჭვირვალედ ასრულებდნენ. ამომრჩევლის აქტივობამ 56.23 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი ტურის მაჩვენებელს აღემატება. გამოვლინდა ხმის რამდენჯერმე მიცემის და ხმების დათვლის პროცესის მანიპულირების ერთეული, თუმცა სერიოზული შემთხვევები - რაც NDI-ის დამკვირვებლების მიერაც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების სრულყოფილი გამოძიება მართებს.
წინასწარი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის - “ძალა ერთობაშია” - კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - გრიგოლ ვაშაძემ - 40.46 პროცენტი მიიღო. ამ შედეგების სიზუსტეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებიც ადასტურებს, რომლიც მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.1, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.9 პროცენტი მიიღო. საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და საჩივრების განხილვამდე დელეგაცია ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
გამოქვეყნებულ ანგარიშში, დეგელაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს, რომელშიც ნათქვამია ძალადობრივი ფაქტების გამოძიების აუცილებლობასა და დიალოგის აუცილებლობაზე. დელეგაცია ასევე მიუთითებს მედიის, და მათ შორის რეგიონალური მედიის მნიშვნელობაზე: "მედია გარემოს პოლარიზაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რომ შეიცვალოს მოტივაციის სისტემა და მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ჟურნალისტიკის გაუმჯობესებაში. საერთაშორისო დონორებმა რეგიონული მედიისა და დამოუკიდებელი მაუწყებლების მხარდაჭერის გაზრდა უნდა განიხილონ", ნათვამია დელეგაციის რეკომენდაციებში.
- NDI-ის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა დამკვირვებლებისგან ხუთი ქვეყნიდან, ხელმძღვანელობდნენ: პერ ეკლუნდი, ელჩი და ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; ლორი ფულტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი დანიაში; ლარა ლინდერმანი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი მკვლევარი; მარია ბაბიჩი, საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; და ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი.
- სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებდა.
ავტორი: ნიუპრესი