|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელები შორს საქართველოს ბუნებისგან" - მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს ბევრად უფრო პრიორიტეტულია საქართველოს ბუნების გადარჩენა და ტურიზმის განვითარება, ვიდრე თურქეთისთვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

“ულამაზესია ჩვენი ბუნება, არ შეიძლება მისი ხელისხლება, ეს არის იმხელა საგანძური. უბრალოდ, უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია და ა.შ. ხელები შორს ქართული ბუნებისგან! საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი განვითარება. რაც შეეხება ნამახვანს, ამ თურქებთან ჩვენ ვიცით რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება.ამიტომ არის, რომ ამდენი ხანი წაუყრუვეს ხალხის მოთხოვნა, ახლა მოუხდებათ დაკმაყოფილება დარწმუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება”,  – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს, 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები ჰესის მშენებელი თურქული კომპანიის ხეობიდან გაყვანას ითხოვენ.

ავტორი: ნიუპრესი