ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ხერხემლის პრობლემების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შესაძლოა გადაღლილობის, დაჭიმულობისა და სიმძიმეების აწევის გამო განვითარდეს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ხერხემლის ტკივილი მოულოდნელი ტრავმით ან რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული. ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემებია:
- სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის - შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყობას აზიანებს.
- კუზი - მკვეთრად გამოხატული გულ-მკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მალთაშუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.
- ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.
- ხერხემლის თიაქარი - ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთაშუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გართულება. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა და ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.
გარდა ამისა, ხერხემლის ტკივილს ხშირად იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
- მოუხერხებელი მოძრაობა;
- ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
- რადიკულოპათია;
- კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.
ასევე ხერხემლის მალთაშუა დისკის დეგენერაციული დაავადება ხშირად 16 წლიდან იწყებს განვითარებას. ამ ასაკში ეს პროცესი კომპენსირებადია, რადგან ჭარბი წონა არ გვაქვს, კუნთებიც ტონუსშია, მაგრამ ასაკთან ერთად თავს იჩენს პრობლემები, იმატებს ფიზიკური დატვირთვა, ქალებს გადააქვთ ორსულობა. ამ თვალსაზრისით ალკოჰოლი და სიგარეტიც უარყოფით როლს ასრულებს. უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს, რის გამოც მთელი დატვირთვა ხერხემალზე მოდის. ამიტომ ხერხემლის პრობლემების პრევენციისთვის აუცილებელია ვარჯიში, ცურვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ასევე, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს ხერხემლის ქამრის გამოყენება. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ისინი სხვადასხვა სიგრძისაა და აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა და ამიტომ მათ ძირითადად რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი კორსეტები.
ავტორი: ნიუპრესი