|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ახალი კორპუსი 30 ოქტომბერს გაიხსნება

სახალხო დაცველის განცხადებას ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. როგორც ადმინსიტრაციაში აცხადებენ, 2020 წლისთვის მთლიანი შენობა გარემონტდება.  
"სახალხო დამცველის რეკომენდაციები სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობისა და პაციენტთა მხარდამჭერი სისტემის არარსებობის შესახებ არის სისტემური პრობლემა და შესაბამისად, ამ რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება კონკრეტულად სტაციონარში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, კერძო ინვესტორს დაწყებული აქვს უკვე სარემონტო სამუშაოები და 2020 წლისთვის გეგმის მიხედვით მთლიანი შენობა გარემონტებული იქნება. გეგმის შესაბამისად ხორციელდება სტაციონარის ეტაპობრივი რესტავრირება, უკვე გასახსნელად მზად გვაქვს 100 პაციენტზე გათვლილი ევროპული ტიპის კორპუსი, რომელიც 10 ოქტომბერს, ფსიქიატრიის მსოფლიო დღეს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,  გადაიდო. სტაციონარის ბაზაზე არსებული ახალი სამედიცინო კორპუსი 30 ოქტომბერს გაიხსნება. ვიზიარებთ იმ აზრს, რომ დაწესებულებაში ბევრი სამუშაოა, როგორც ინფრასტრუქტურული,  ასევე სამედიცინო კუთხით. ამ საკითხებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სტაციონარში განხორციელებულ ბოლო პოზიტიურ ცვლილებებს „ ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT)აღნიშნავს თავის ანგარიშში", -აცხადებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში. 
შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ხონის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 17 ოქტომბერს მოინახულა. სახალხო დამცველმა მოუწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში.

ავტორი: ნიუპრესი