"ყველაფრის მშენებლობას დავუჭერ მხარს, რაც ჩვენს ქალაქს გაალამაზებს და ხალხს დაასაქმებს"
ქუთაისის ცენტრში „მაკდონალდსის“ მშენებლობას მოწინააღმდეგეც ყავს და მომხრეც. ქალაქში რამდენიმე ადამიანის აზრი გამოვიკითხეთ, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება გაგვიზიარეს.
ეკა ფხაკაძე, ჟურნალისტი: გაცილებით უფრო მესიამოვნებოდა, ქუთაისის ცენტრში სხვა დანიშნულების შენობა, რომ აშენებულიყო, მაგალითად, სამხატვრო სალონი, რომელიც არ არსებობს ჩვენს ქალაქში. თუმცა, რადგანაც "მაკდონალდსის" მშენებლობაა გადაწყვეტილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შენობის გარეგნული იერსახე არ იყოს ამოვარდნილი მოედნის არქიტექტურული ანსამბლიდან.
ნანული ცხვედიანი, ჟურნალისტი: ასეთი რა მოგება ნახა "მაკდონალდს -პირველით" ქალაქის ბიუჯეტმა, საინტერესოა?! ახლა მთლად უარესი მოხდა - ქუთაისს გულში პირდაპირ ლახვარი ჩასცეს. ქუთაისელთა უსაყვარლესი "საათი" და "კიბეები" გააქრეს ადგილიდან. ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია, მაგრამ ეს საქმე უთუოდ სანანებლად გაუხდება. ტურისტი აქ ჰამბურგერის საჭმელად კი არა, განსხვავებული კულტურისა და კოლორიტის შესაგრძნობად ჩამოდიოდა.
ქრისტინე რობაქიძე, მხატვარი: წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ პროექტი სანამ იდეა იყო, უნდა ყოფილიყო საჯარო, მსგავს ადგილებზე უნდა გაკეთდეს ისეთი რამ, რაც ქალაქს უკეთესად წარმოაჩენს, რაც ქალაქისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცევა. მაგალითად, თანამედროვე ხელოვნების გალერეის, თანამედროვე სკულპტურების პარკის და ა.შ.შ, რაც ჩვენს ქალაქს ასე ჭირდება და არ გვაქვს. ვთვლი, რომ ტურისტებს და სტუმრებს "მაკდონალდსით" ვერ გავაკვირვებთ.
ბესო მიქელთაძე, ტექნიკურ მეცნიეტრებათა დოქტორი: უნდა აშენდეს, მე, პირადად მშენებლობის მომხრე ვარ. თუმცა არა ისეთი, როგორიც შემოგვთავაზეს. ამ ადგილზე ქალაქის ცენტრში ახალი შენობა აუცილებლად უნდა აშენდეს "ბაროკოს", ან "რენესანსის" არქიტექტურით გაუდის სტილში, სხვა მიუღებელია.
ლია გვენეტაძე, მწერალი: ცენტრალურ მოედანზე ახალი "მაკდონალდსის" აგებას, თუ ის სიდიდით ისეთივე ზომის იქნება, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, არა მგონია, რაიმე დაამახინჯოს. ზოგადად, რაღაც ჭიქაში ქარშხალს მახსენებს ეს ამბავი... ჩვენ, გაცილებით დიდი პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი და სჯობს, ამაზე დავიწყოთ ფიქრი და ქმედება.
ხვიჩა ვაშაყმაძე, ა/ო „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“: „მაკდონალდსის“ მეორე რესტრონის მშენებლობას ქუთაისში მხოლოდ მივესალმები. არც იმ ადამიანების მოსაზრებას ვიზიარებ, რომლებიც თვლიან, რომ ქალაქის ცენტრში აღნიშნული კვების ობიექტის არსებობა დაუშვებელია. თუმცა, გამაჩნია რამდენიმე შენიშვნვა. ვფიქრობ, დაუშვებელია მოედანზე „მაკდონალდსის“ ტიპიური შენობის აგება. მიმაჩნია, რომ აუცილებელია გაკეთდეს ისეთი პროექტი, რომელიც არ ამოვარდება საერთო სივრციდან და სპეციალურად ქუთაისისთვის იქნება შექმნილი.
გოჩა ჩხეტია, პედაგოგი: არავითარი ქუთაისის "ისტორიული ცენტრი" და მასზე მიბმული ისტორიული იერ-სახე აღნიშნული მშენელობის ადგილზე არ არსებობს. ეს სივრცე წარმოიქმნა წინა საუკუნის 30-იან წლებში, როცა კომუნისტებმა ახლანდელი ცენტრალური მოედნის ადგილზე ბარაკების ტიპის შენობები დაანგრიეს, რათა დაეგდათ სტალინის ძეგლი და შეექმნათ მის გარშემო „ბელადის ხედვის“ თავისულფალი არე. ასევე გაუგებარია ჩემთვის კომუნისტების აშენებული სასადილო "თოლიას" ნასახლარზე და მასთან მისასვლელი დღეს უფუნქციოდ დარჩენილი კიბეების ადგილზე რატომაა მიზანშეუწონელი თანამდეროვე არქიტეტურის მქონე შენობის განთავსება. და ბოლოს, ახალი კვების ობიექტი ხომ 60 ქუთაისელი ახალგაზრდის დასაქმების ადგილი იქნება?
შორენა ჯანაძე, ექიმი: ვთვლი, რომ არაფერი უბედურება არაა, თუ ის შენობა, რაც შენდება ქალაქის ცენტრში აშენდება! დარწმუნებული ვარ, ბევრი, ვინც ახლა ყვირის -„არა აქ მშენებლობასო“, სრულიად გულგრილი იყო იმ ანტისანიტარიის და სიბინძირის მიმართ, რაც იმ კიბეებზე ხდებოდა. ისტორიული სახე თუ გვაინტერესებს, ისტორიულად ეს მოედანი და ეს ტერიტორია საერთოდ სულ სხვაგვარი იყო, მაგრამ დრომ მოიტანა და აშენდა მესხიშვილის თეატრი. იმ კიბეების თავზე მე „თოლიაც" მახსოვს და რა შეეხება ეთნოგრაფიული მიუზეუმის ყოვლად უსახურ შენობას, თუ ვინმე მას რამედ გადააკეთებს, ძალიანაც მადლობელი დავრჩებოდი!
რამაზ კილასონია, სამოქალაქო აქტივისტი: შენდება ობიექტი, რომელიც 100 პროცენტით იმუშავებს და ადამიანებს დაასაქმებს, ამის წინააღმდეგი რომ იყო, ან პოლიტიკოსი უნდა იყო, რომელებიც ადამიანებს ატყუებს, ან მამაო, ცენტრალურ მოედანზე ეკლესიის აშენების სურვილით შეპყრობილი.
რეზი ჩირაძე, მეწარმე: მივესალმები ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას. მიზეზი ბევრია, რის გამოც მივესალმები: გალამაზდება ადგილი, სადაც არაფერი ფუნცქიონირებდა, დასაქმდება სალხი, კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის რესტორანი შეემატება ქალაქს. ყველაფრის მშენებლობას დავუჭერ მხარს, რაც ჩვენს ქალაქს გაალამაზებს და ხალხს დაასაქმებს.
ნატალი პატარიძე, ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი: ქუთაისის წარმოსაჩენად ვიხსენებთ მეოცე საუკუნის დასაწყისს, როდესაც ქალაქი წარმოადგენდა ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს, მეწარმეობის განვითარება პირდაპირ დაკავშირებული იყო განათლების და კულტურის აყვავებასთან, ვფიქრობ, დღეს ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციები.
ავტორი: ადმინი