ზაზა კილასონიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ზაზა კილასონიას შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით „მშვიდობა მსოფლიოს“ ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა.
„დღევანდელი კონცერტი ეძღვნება მსოფლიო მშვიდობას. დიდი სურვილი მქონდა ამ განწყობით შემექმნა კონცერტი. ჩემი მუსიკა ორკესტრთად ერთად პირველად არ სრულდება, თუმცა ეს ნაწარმოებები, რომლებიც დღეს გაჟღერდება, ახალია“,-განუცხადა „ნიუპრესს“ ზაზა კილასონიამ კონცერტის დაწყებამდე.
თავმდაბლობის გამო თავს კომპოზიტორს არ უწოდებას, მისი თქმით, მუსიკოსია, რომელიც ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს, მათ შორის, კინო-მუსიკას, მუსიკალურად აფორმებს სპექტაკლებს. როგორც საღამოს წამყვანმა ავთანდილ სახამბერიძემ აღნიშნა, ზაზა კილასონია, რომელიც მესხიშვილის თეატრის მსახიობია, სპექტაკლებში როლებს ასრულებდა, ამავდროულად მუსიკალურად აფორმებდა მათ.
მის შემოქმედებაში სამყაროს „დასაწყისიცაა“ და „აპოკალიფსის მოლოდინიც“, სამყაროს ჰარმონია - „პასტორალი“ და „შემოდგომის სერენადა“ და, რა თქმა უნდა, სიყვარული.
„ყოველი წუთი ფორტეპიანოსთან ... ამ დროს ჩემში იღვიძებს დიდი სიყვარული, სიყვარული, რომელიც თავად არის ღმერთი"- უთქვამს მუსიკოსს და ეს ისედაც იგრძნობა მისი მუსიკიდან.
კონცერტი 2 ნაწილისაგან შედგა. პირველი ნაწილი სიმფონიურ, მეორე კი ვოკალურ-ინსტრუმენტალურ მუსიკას დაეთმო. ზაზა კილასონიას ნაწარმოებები ქუთაისის სიმფონიურმა ორკესტრმა რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით შეასრულა. ვოკალურ ნომრები კი მიმი ჯავახიშვილმა და გოჩა ჩოგოვაძემ შეასრულეს. ფლეიტაზე გაგა შოთაძე უკრავდა.
შემოქმედებითი საღამო ქალაქის მერიის კულტურის სამსახურმა დააფინანსა.
ავტორი: ირინა მაკარიძე