ზვიად ჯავახიასთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი დუმილს არღვევს
2018 წლის 30 იანვარს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული ზაურ ბაკურაძის დაცვის მხარე პირველ კომენტარს აკეთებს. ზაურ ბაკურაძის ადვოკატი ირმა აბჟანდაძე დაკავებამდე და მის შემდგომ გამოვლენილ გარემოებებზე საუბრობს.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, სადაც უკვე გაიმართა რამდენიმე პროცესი. ირმა აბჟანდაძის თქმით, ამ დრომდე ფაქტთან დაკავშირებით საჯაროდ არ უსაუბრიათ, რადგან ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ელოდებოდნენ.
ადვოკატი საქმეში არსებულ რამდენიმე შეუსაბამობაზე საუბრობს.
„ზაურ ბაკურაძემ გელათის ქუჩის #191 მდებარე სახლი 2012 წელს შეიძინა. იმ დროსთვის აღირიცხა დის მეუღლის სახელზე. რაღაც პერიოდი არ ცხოვრობდა ოჯახი, შემდგომ გადაწყვიტა რეაბილიტაცია. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეთებოდა სასტუმრო, რაც არასწორია, ეს იყო საცხოვრებელი სახლი. პარალელურად, მიმდინარეობდა ღობის მოწყობა. 15 იანვარს ზაურ ბაკურაძეს დაუკავშირდა ზვიად ჯავახია და უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა.
იქამდე უნდა ვისაუბროთ ჯავახიას ჩვენებაზე, თუ როგორ აღმოაჩინა ეს მშენებლობა. მისი თქმით, არასამუშაო დღეებში დადის მთელს ქალაქში და ამოწმებს, თუ სადმე დაინახავს მშენებლობა მიმდინარეობს, შემდგომ თანაშრომლებს უშვებს შესამოწმებლად. ასე, მიმდინარე წლის 10 თუ 13 იანვარს ნახა გელათში მშენებლობა, რამაც მიიქცია ყურადღება. გაუშვა თანამშრომელები და ზაურ ბაკურაძე ჯავახიასთან დაიბარეს. ამის შემდეგ ზაურ ბაკურაძე მიდის მერიაში. მას ხვდება თავად ჯავახია და შეყავს კაბინეტში, სადაც საუბარი იყო მიმდინარე მშენებლობაზე. ამის შემდეგ რამდენჯერმე ხვდებიან ერთმანეთს. არასამუშაო საათებში და არასამუშაო ვითარებაში, თუმცა სამსახურეობრივ თემაზე.
ჯავახია ბაკურაძეს აცნობს, რომ მას აქვს ადმინისტრაციული დარღვევა და უნდა დააჯარიმოს, ისე, რომ მის მიმართ არ მომხდარა გაფრთხილება და ამ გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემდგომი დაჯარიმება. ამასთან, ზაურ ბაკურაძე მიდის მერიის არქიტექტურის სამსახურში და გადის კონსულტაციას პროექტთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი საბუთები ჭირდება მას. ანუ, ბაკურაძე თანამშრომლეობს შესაბამის უწყებასთან, რომ მოხდეს საქმის სრულად კანონშესაბამისობაში მოყვანა, შესაბამისად, ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოესწორებინა. ამასთან, ბაკურაძე მიდის მერიაში არქიტექტორებთან ერთად, რადგან დეტალურად გაევლო საკითხი, თუმცა მას არ იღებს ჯავახია და მერიას მოუცლელობის მოტივით ტოვებს. შემდგომ იბარებს ბაკურაძეს ბაღში და ეუბნება, რომ მარტო მივიდეს. უკვე ხდება ჯავახიას მიერ სუს-ის ინფორმირება, რომ მას ქრთამს სთავაზობენ. შეხვედრის ჩანაწერში საუბარი ეხება ჯავახიას მხრიდან დახმარების შეთავაზებას, თუმცა არაფერს ამბობენ თანხაზე. უბრალოდ, საუბარია, პროცედურებზე, რაც ჭირდება პროექტის მიღებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გამოკვლეული მტკიცებულებით, ბაკურაძე არასოდეს ურეკავს ჯავახიას, პირიქით, ჯავახიასგან ხდება შეხმიანება“-აცხადებს ირმა აბჟანდაძე.
მისი თქმით, ბაკურაძის დაკავება ხდება ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან, სადაც ავტომობილში საუბრობენ და სადაც ხდება ფარულად ჩაწერა. ადვოკატის თქმით, ჩანაწერში საუბარი არ არის თანხაზე და ასევე ვიდეოში არ ჩანს თანხა. ამის შემდეგ ბაკურაძე გადადის თავის ავტომობილში, რა დროსაც ხდება მისი დაკავება. ამასთან, აღსანიშნავია, ჯავახიას მიერ გამომძიებლებისთვის ნიშნის მიცემის მომენტი.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე მყოფი გამომძიებლები და თანამშრომლები სხვადასხვა ჩვენებას აძლევენ. რაც შეეხება დაკავების მომენტს, ჯავახია ნიშნის მიცემის შემდეგ ტოვებს ტერიტორიას, ისე რომ გამომძიებლის მიერ არ ხდება ვითომდა მიცებული თანხის ვიდეო გადაღება, რაც ხდება ზოგადად კანონით. ამასთან, ბაკურაძის ჩხრეკა და ამოღებული თანხის დათვლა მიმდინარეობდა 50 წუთის განმავლობაში. ჯავახია შემდეგ აცხადებდა, რომ ის ბალახვნიდან ავტომობილით წავიდა ტაბიძის ქუჩაზე „სუს“-ში, თუმცა ადგილზე მისვლას 45 წუთი მოანდომა და ამის შემდეგ წარადგინა თანხა, რომელზეც ექსპერტიზაც არ არის ჩატარებული, ნამდვილად იყო თუ არა მასზე ზაურ ბაკურაძის ხელის ანაბეჭდები“,-აცხადებს ირმა აბჟანდაძე.
ადვოკატის განცხადებით, როდესაც ჯავახია აპელირებდა, რომ ბაკურაძეს ქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ამ დროს, ამაზე არანაირი დოკუმენტი არ არის შედგენილი. მის თქმით, ამის შესახებ კითხვა მოსამართლესაც გაუჩნდა. ამის შემდეგ 1-ელ თებერვალს ადგენს ამ საბუთს, რომელსაც ხელს აწერს მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ვინმე გაბუნია, რომელიც იმ დროს სამსახურში აღარ მუშაობდა.
"რომ ვკითხე ჯავახიას, რატომ გაუშვა, მან გვიპასუხა, რომ გაბუნიას კომტეპენცია არ იყო სამსახურის მოთხოვნის შესაბამისი. ანუ, ჯავახია გაბუნიას მიერ შედგენილ დოკუმენტს მიიჩნევს სანდოდ და მტკიცებულებად წარმოადგენს სასამართლოში, ამასთან, ამბობს, რომ გაბუნიას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია"-აცხადებს ირმა აბჟანდაძე.
ადვოკატი ასევე საუბრობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვაზე, რომელსაც მერია ზაურ ბაკურაძეს ედავებოდა. ამ დოკუმენტით ბაკურაძემ დაარღვია სამეზობლო საზღვარი და გადავიდა სხვის ტერიტორიაზე, თუმცა ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლომ ასეთი ფაქტი არ დაადასტურა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 17 ივლისს გაიმართება. ადვოკატის თქმით, გირაოს შესახებ შუამდგომლობა სამჯერ დააყენეს, ბოლოს მხარემ 65 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების მოტივით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჯერჯერობით, ზაურ ბაკურაძეს ჩვენება არ მიუცია.
ადვოკატი ამ დროისთვის დაკავების შესაძლო მოტივებზე არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს საქმე უკავშირდებოდეს ზაურ ბაკურაძის სასამართლო დავას ყოფილ ბიზნეს პარტნიორებთან. მისი თქმით, 2016 წელს დაწყებულ დავაზე პირველი პროცესი სასამართლოში სწორედ ბაკურაძის დაკავების შემდგომ ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, ზაურ ბაკურაძე 30 იანვარს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბაკურაძე შპს "გელათი-2008"-ის 50%-იანი წილის მფლობელია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი