|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას აკეთებენ ეს ადამიანები, ქუთაისში ვერაფერი ვნახე-პარლამენტარი მერიას აკრიტიკებს

ქუთაისში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და თვითმმართველობას აკრიტიკებს პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი. "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, დანაშაულია, როდესაც მერები პრობლემებს არ აგვარებენ. მისივე თქმით, გაუგებარია, რას აკეთებს ქუთაისის მერი, რადგან მისი თქმით,  ქალაქში არაფერია გაკეთებული.

"სამწუხაროდ, შესრულებაში იყო პრობლემები, მერიამ ვერ შეძლო თანხების ათვისება, არა მარტო ქუთაისელებმა, არამედ ყველა ქალაქის წარმომადგენლებმა საკუთარ თვითმმართველობებს უნდა მოთხოვონ პასუხი. ქალაქებში, სადაც გზების, წყლის და სხვადასხვა პრობლემაა არის დანაშაული, როდესაც მერები ვერ ახერხებენ ბიუჯეტი აითვისონ. მე ვიცი ამ ქალაქის პრობლემები. მეორე წელია აქ დავდივარ და არ ვიცი, რას აკეთებენ ეს ადამიანები, ამ ქალაქში მე ვერაფერი ვნახე. მოთხოვეთ  პასუხები მერებს, თვითმმართველობებს, რადგან საკმარისი თანხებია", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია "რიონთან" საუბრისას. 

დეპუტატის შენიშვნას ქუთაისში კრიტიკა მოყვა. ლევან გოგიჩაიშვილს ვრცელი პოსტებით გამოეხმაურნენ ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე, ზედამხედველობის სამსახურიის უფროსი და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე. მათ ერთი წლის განმავლობაში ქუთაისში განხორციელებული პროექტები გაიხსენეს. 

ვიცე-მერის ინფორმაციით, ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტით 22 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა არის გათვალისწინებული.

"წლის განმავლობაში (10 დეკემბრის მდგომარეობით) სამედიცინო დახმარების პროგრამით ისარგებლა ქუთაისის 2 820-მა მოქალაქემ, რომელმაც თანადაფინანსების სახით მიიღო დახმარება ქუთაისის ბიუჯეტიდან,  710 000 ლარის მოცულობით, რაც გათვლილ ბიუჯეტთან შედარებით 54 000 ლარით მეტია და არათუ ვერ მოხერხდა ათვისება, დაემატა თანხები პროგრამას წლის ბოლოს. 

გარდა ამისა ბენეფიციარებმა ისარგებლეს მედიკამენტების და სხვა პროგრამებით, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. საბავშვო ბაღებში ჩატარდა უფასო კვლევები.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა გაიზრდება 1 000 000 ლარამდე დაემატება 2 ახალი ქვეპროგრამა, რაც გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში: მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისა და ხელშეწყობისათვის საპილოტე პროგრამა და ასევე მრავალშვილიან ოჯახს მიეცემა დამატებით 20 ლარიანი  ვაუჩერი", -წერს ნინო თვალთვაძე.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა ინფორმაცია ინტრასფრუქტურულ პროექტებზე გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, დასრულებულია 141 ობიექტი, რომლის ღირებულებაც 5,6 მლნ ლარია.

ჩამონათვალში მოხვდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროგრამა "კორპუსით" დაფინანსებული პროექტები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მიშენება ორ საბავშვო ბაღზე. საყრდენი კედლები და მდინარე "ორასკურას" კალაპოტის მოწესრიგება, ასევე თანამედროვე სტანდარტების სკეიდ პარკი. 

ლევან გოგიჩაიშვილს უპასუხა მერიის ზედმახედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამაც და მზადყოფნა გამოთქვა, დეპუტატს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, ამასთან ლევან გოგიჩაიშვილს მიანიშნა, რომ ის პარლამენტში იშვიათად ჩამოდის. 

"რაც შეეხება თქვენს შეფასებას ქუთაისში მიმდინარე პროექტებზე, ისეთივე არასწორი და მწირია, როგორც თქვენი ჩამობრძანება პარლამენტში რამოდენიმე საათით, ან მაქსიმუმ ერთი დღით.  წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს წყალმომარაგების კომპანია, რომელიც არ შემოდის თვითმმართველობის კომპეტენციაში, რამაც, ალბათ, დისკომფორტი შეგიქმნათ ქალაქში გადაადგილებისას. (ამის ცოდნა თქვენთვის სავალდებულო უნდა იყოს) და ბოლოს, იმედია, ბოდიშის მოხდა არ გაგიჭირდებათ, რადგან ძალიან არასწორია, მცდარია და არაკომპეტენტურია თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, ან შეფასება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ",-წერს ჯავახია. 

ფაქტს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია. მისი თქმით, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება პარლამენტის წევრების და ქუთაისის მერის დაპირისპირების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

"გიორგი ჭიღვარიას ეხლა უკვე ლევან გოგიჩაიშვილი უპირისპირდება და ზუსტად იგივეს ამბობს, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვიძახით. კობა ნარჩემაშვილმა რაც უნდა უარყოს ეს დაპირისპირება, ნათქვამია: "კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო"-წერს გიგა შუშანია, რომელიც ამტკიცებს, რომ მაჟორტარი დეპუტატები მერის პოსტზე კობა ნარჩემაშვილის ძმის ლაშა ნარჩემაშვილის კანდიდატურას ლობირებენ. 

ინფორმაცია უარყო კობა ნარჩმაშვილმა და განაცხადა, რომ მის ძმას ამ პოსტზე არანაირი ამბიცია არ აქვს.

მერის შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, უმრავლესობაში აქტიურად მიდის საუბარი ქუთაისის განვითარებასა და პროექტებზე, თუმცა საუბარი მერის შეცვლაზე არ ყოფილა. 

"ქუთაისის მერის პოსტზე მაჟორიტარების ჯგუფი ლაშა ნარჩემაშვილს ლობირებს"

"ჩემს ძმას მუნიციპალურ თანამდებობებზე ამბიცია არ აქვს"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა