|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენკა!

ჩემი ოთხსართულიანი სკოლის უკანა ეზოში ლურჯადშეღებილი პატარა ხის სახლი იდგა, სადაც გენკა დედასთან ერთად ცხოვრობდა. სკოლის ყველა კლასის ფანჯარა გენკას სახლს დაჰყურებდა. გენკას გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. ჩუმად შედიოდა და გადიოდა სახლიდან, ისე, რომ ქუჩაშიც ვერავინ ხედავდა. გენკას ბოხი, როხროხა ხმა ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლეების შემოტევებისგან იცავდა თავს.

დაწყებით კლასებში პირველ სართულზე ვიყავით და გენკა ჩვენ პირდაპირ გაივლიდა ხოლმე. გვეშინოდა, ქვა არ ესროლა და ვიმალებოდით. სამაგიეროდ, მეოთხესართულელ უფროსკლასელებს არ ეშინოდათ, ზემოდან დაჰყურებდნენ გენკას. გამოაღებდნენ ფანჯარას და მანამ გაჰყვიროდნენ აღტაცებით - გენკა! გენკას! - სანამ გენკა არ გამოვარდებოდა ყვირილითა და მუშტის მოღერებით. სეირი მაშინ იწყებოდა... ქვემოდან გაღიზიანებული კაცი განწირული ხმით ბღაოდა, ზემოთ კი, ბავშვები იხოცებოდნენ სიცილით. ახლაღა ვხედავ გენკას თვალითსკოლის შენობას, რომლის ყველა ფანჯრიდან ბავშები გუნდ-გუნდად იყურებიან, იცინიან, ხორხოცობენდა ამ დაცინვის ობიექტი მე ვარ, - გენკა.

დღემდე ვერავინ გეტყვით, რატომ შერაცხეს გენკა „გიჟად“, „შიზოფრენიკად“, „სულიერ ავადმყოფად“, „შეშლილად“. თუმცა, ყველას ვიღაცისგან გაუგია, რომ -„გენკა ბევრი კითხვისგან გაგიჟდა“, ან -„გენკას ცოლ-შვილი მოუკვდა და ჭკუიდან შეიშალა“. ზოგი ამბობს, რომ - „ცოლი არც არასდროს ჰყოლია და ბავშვობიდან ავადმყოფობდა“.ზოგიც, გეტყვით, რომ -„ახალგაზრდობაში სცემეს და მას მერე აურია“.

ერთ ორშაბათს, გენკას ლურჯი სახლი ნახევრად-დანახშირებული დაგვხვდა. ამბობდნენ, სახლი გადაწვაო. რამდენიმე მასწავლებელმა, ცეცხლი სახლს შემთხვევით წაეკიდაო. ეზოში ბევრი დამწვარი წიგნი და ნივთი ეყარა. ამ ნარჩენებს შორის დედა-შვილი რაღაცებს არჩევდნენ ხოლმე. თუკი გენკას დედასთან ერთად ხედავდნენ, მას არავინ უყვიროდა, არც დასცინოდა. როგორც კი დედა თვალს მიეფარებოდა, ფანჯრებიდან მაშინვე  გადაეყუდებოდნენ ხოლმებავშვები.

გენკას დედა გარდაეცვალა...

ჩვენ მეოთხე სართულზე აგვიყვანეს, გავიზარდეთ. ახლა, ჩვენ გავხდით ის ენაგამოყოფილი, დაჯღანული უფროსკლასელები მეოთხე სართულიდან, რომლებიც გენკას არ ასვენებდნენ. გენკამ რამდენიმე ასეთი დაჯღანული თაობა გამოიარა.

მე-8 ან მე-9 კლასში, მე და ქეთიმ, ჩემმა პარალელურმა კლასელმა, გენკას გაცნობა გადავწყვიტეთ. სკოლის უკანა ეზოდან დავუძახეთ. გვეგონა, არ მოვიდოდა მაგრამ კედლის მეორე მხრიდან მალე მოგვესმა, - მოვდივარო. ორივეს შეგვეშინდა და ცოტა მოშორებით დავდექით. ჯერ გენკას აბურძგნული თმა გამოჩნდა, მერე წვერიანი სახე, რომელიც სულაც არ ჰგავდა საშიშს. როგორ ხარო? ხომ არ გცივაო? - ვეკითხებოდით. რომ დავრწმუნდით, არაფერს დაგვიშავებდა ახლოს მივედით და კითხვებიც უფრო თამამად დავუსვით.

გენკას „კოკა-კოლა“ უყვარს და ნამცხვარი „ეკლერი“. „კოკა-კოლა“ პირველად თვითმფრინავში გასინჯა, როცა ავღანეთში მიფრინავდა სხვა ჯარისკაცებთან ერთად. გენკა დაგველოდა, ჩვენ „ეკლერი“ და „კოკა-კოლა“ მივუტანეთ. გაუხარდა. მალევე წამოვედით. მოდით ხოლმეო, - მოგვაძახა. დავპირდით, რომ მივიდოდით, მაგრამ აღარ მივსულვართ. გვრცხვენოდა...

ჩემი სკოლა დაიხურა. გენკას სახლი ისევ იქ დგას და ისევ იქ ცხოვრობს, ბავშვები აღარ აწუხებენ, მაგრამ მის გარშემო ისევ ის ადამიანები არიან, ვისთვისაც გენკა „გიჟია“, „შიზოფრენიკია“, „სულიერად ავადმყოფია“, „შეშლილია“.

 

 

თამარ კურატიშვილის ბლოგი.

 

ავტორი: თამარ კურატიშვილი