|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედო" გავასხვისეთ, სტადიონის შენახვისათვის კი ფულს ბიუჯეტიდან ვხარჯავთ"

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წარმომადგენელი ქუთაისში თემურ ცამციშვილი ქალაქის სტადიონის მოვლა- პატრონობისათვის ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვას აპროტესტებს. აღნიშნულ ფაქტს ცამციშვილი კორუფციულს და არამიზნობრივს უწოდებს.

როგორც ის აცხადებს, სტადიონი მერიამ კლუბის მფლობელ კომპანიას არ გადასცა, რადგან ასეთ შემთხვევაში, იქ დასაქმებული ადამიანების დაფინანსებას ვეღარ შეძლებდა.

"ტორპედო  გავასხვისეთ და კერძო საკუთრებაში არსებულმა კლუბმა რომ ითამაშოს,  სტადიონის შენახვისათვის ბიუჯეტიდან ვხარჯავთ 246 ათას ლარს, რასაც სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ის, რომ ვიღაცეებს სურთ საბიუჯეტო სახსრებით ხელის მოთბობა. მითუმეტეს კომპანიამ, რომელმაც კლუბი შეიძინა, გამოთქვა სურვილი სტადიონის იჯარით აღების,  მაგრამ მერიამ პირობად თანამშრომლების დატოვება დაუყენა, რაზეც კლუბი არ დათანხმდა. დარწმუნებული ვარ, ამ თანხის 80 % სწორედ ხელფასებზე, ანუ იმ ხალხის შენახვაზე იხარჯება, რომლებიც იქ ჩინოვნიკების ახლობლობის ნიშნით არიან დასაქმებულები", - აცხადებს თემურ ცამციშვილი.

მისი თქმით, სტადიონს ამ თანხის შესაბამისი მოვლის არაფერი ეტყობა.

შეგახსენებთ, ქუთაისური საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" კერძო მფლობელობაში გასულ წელს გადავიდა, რაც შეეხება სტადიონს, ის კვლავ მერიის ბალანსზე რჩება. წელს მერიის მიერ შეიქმნა ახალი ააიპი "რამაზ შენგელიას სტადიონი", რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 მერიაში აცხადებდნენ, რომ სტადიონის ინვესტორისათვის გადაცემას გეგმავენ და ინვესტორი, სავარაუდოდ, კლუბის მფლობელი კომპანია უნდა ყოფილიყო. 

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა. 

ქუთაისის "ტორპედო" შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" შეიძინა

ქუთაისის "ტორპედოს" ფასი განახევრდა

 

ავტორი: ირინა მაკარიძე