|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

წარმატებული ქუთაისელი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონატზე უფულობის გამო ვერ წავიდა

ევროპის ჩემპიონატზე ქუთაისელი მოჭადრაკე ბავშვების წარმატებას სოციალურ ქსელში ქუთაისის მერიის თანამშრომელი ეხმიანება და აცხადებს, რომ დაფინანსების უქონლობის გამო ამ ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონმა ანასტასია კირთაძემ წასვლა ვერ შეძლო. თამარ მინაძე  ნორჩი სპორტსმენებისადმი უყურადღებობაში ქალაქის მერს ადანაშაულებს და მას თანამდებობიდან წასვლას ურჩევს.

"დასანანია, რომ უნიჭიერესი 9 წლის ანასტასია კირთაძე, რომელიც მრავალი თასის მფლობელია უფულობის გამო ვერ წავიდა ამ ტურნირზე, არადა დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონიც გახდებოდა მის ასაკში!!! ვერც პედაგოგი ახლდა ჩემ 10 წლის შვილს უცხო ქვეყანაში, სწორედ დაფინანსების არ ქონის გამო!!! ამათზე უნდა იზრუნოს ქალაქის მერმა, რომ რაც შეიძლება მეტი ჭკვიანი თაობა გახადოს ქალაქში წარმატებული და არა მერიასა და ააიპებში გაფორმებულ "მკვდარ სულებში", მივლინებებში და სასმელებში გაფლანგოს ბიუჯეტის თანხა!!! ძალიან ჭკვიანი თაობაა ქუთაისის საჭადრაკო სკოლაში, ისინი ქალაქის და საქართველოს მომავალია!!! უძლიერესი პედაგოგი, ნიკოლოზ მანაგაძე ყავს ქალაქს, რომლის დაუღალავი შრომით უამრავ წარმატებას მიაღწიეს ქუთაისელმა ბავშვებმა საერთაშორისო ტურნირებზე და ამ პედაგოგს მეტი დაფასება და ხელშეწყობა ჭირდება ქალაქის ხელმძღვანელობისაგან!", - წერს თამარ მინაძე სოციალურ ქსელში.

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის დირექტორი ალექსანდრე არსენიძე ადასტურებს,  რომ ანასტასია კირთაძე, რომელიც არის ასევე საქართველოს ჩემპიონი, ევროპის  ჩემპიონატზე უფულობის  გამო  ვერ წავიდა - "რომ დაეფინანსებიათ, ხომ წავიდოდა" -განაცხადა  მან  "ნიუპრესის" კითხვის პასუხად. 

"დღეს დაბრუნდებიან ჩვენი მოჭადრაკეები რუმინეთიდან,  მე მათთან ერთად არ ვყოფილვარ. ეს ბავშვები ჭადრაკის ფედერაციამ დააფინანსა, ვინც საქართველოს ჩემპიონატიდან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. დავით თათვიძე და მისი მწვრთნელი ჭადრაკის ფედერაციიდან დაფინანსდნენ, რაც შეეხება ანასტასია კირთაძეს, მას არ ქონდა დაფინანსება მოპოვებული და როგორც მე ვიცი, მშობელმა ვერ მოიძია თანხა, რომ წაეყვანა.  ანასტასია კირთაძე ასევე არის საქართველოს ჩემპიონი და ის დაფინანსდება მსოფლიოს, ან ევროპის ჩემპიონატზე თავის ასაკობრივ ჯგუფში", -განაცხადა არსენიძემ. 

კითხვაზე, მიიღეს თუ არა მოჭადრაკეებმა  დაფინანსება ქალაქის თვითმმართველობიდან, არსენიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე წელია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ქალაქს არავინ დაუფინანსებია.

შეგახსენებთ, რუმინეთის ქალაქ მამაიაში ევროპის ჩემპიონზე წარმატება მოიპოვეს ქუთაისელმა მოსწავლეებმა, 7 წლის დავით თათვიძე ევროპის ჩემპიონი გახდა,  ბლიც ტურნირში 11 წლის ასაკის ბიჭებში დავით ნემსაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნია დოღვანმა კი 15 წლამდე გოგონებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ყველა ბავშვი ყველა ტურნირზე ვერ დაფინანსდება - ჭადრაკის ფედერაციაში განმარტებას აკეთებენ

ავტორი: ნიუპრესი