"1 600 000 ლარი ჩინოვნიკების კომფორტს და მხოლოდ 11 ათასი ლარი - ხალხს" - გოგი წულაია
1600 000 ლარი ჩინოვნიკების კომფორტისათვისა და მხოლოდ 11 ათასი ლარი ქალაქში არსებული კორპუსების ფასადების განახლებისთვის - პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის თვითმმართველობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ქუთაისის ჩინოვნიკები პირველ ადგილზე საკუთარი კომფორტისათვის ზრუნვას აყენებენ. ის ქუთაისის ხელისუფლებას პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს.
"ადმინისტრაციული ორგანოების მშენებლობა - რეკონსტრუქციისთვის ქუთაისის მერიამ 1600 000 ლარი გამოყო. მაშინ, როდესაც, მისივე თქმით, ქალაქში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 11 ათასი ლარი დაიხარჯება. მაშინ როდესაც ქუთაისში მრავალსართულიანი სახლებიდან ბათქაშის ჩამოშლის გამო ორი ბავშვი დაიღუპა. ასეთი "მკვლელი" კორპუსი ქალაქში ასობითაა"- აცხადებს გოგი წულაია.
შეგახსენებთ, გასულ წლებში საცხოვრებელი კორპუსებიდან პარარაპეტების ჩამოშლის გამო რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი