|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ელი თებერვლიდან სკოლაში სწავლასა და დისტანციურს შორის არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება

 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. აღნიშნული ჯერჯერობით არ შეეხება ქუთაისის თბილისისა და რუსთავის სკოლებს. 

"თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

დგებუაძის თქმით, მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი