|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალიდან მძღოლებს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით შეამოწმებენ

2019 წლის 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.  

შსს-ს ინფორმაციით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

 კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, დანაშაულისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი