"100 000-მა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტით ინფიცირებულია"
საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 300 ადამიანია. დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა კი ჯერ კიდევ არ იცის რომ დაავადებულია, - ამის შესახებ ქუთაისში დემოკრატიული განვითარების ცენტრში განაცხადეს და „ჩუმ მკვლელად“ წოდებული დაავადებისგან განკურნების გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი გზა" ორგანიზებით მოეწყო დარგის ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწრებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მინიშვნელოვანია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პოპულარიზაციის საქმეში მეტი ადამიანი ჩაერთოს.
C ჰეპატიტი შესაძლოა, ძალიან დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დაავადების დადგენის ერთადერთი გზა ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა. ინფიცირების დასადგენად ტარდება სკრინინგული კვლევა - სწრაფი, მარტივი ტესტით C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით შესაძლებელია ინფიცირებულთა სრულად განკურნება და, შედეგად, ღვიძლის ციროზით და კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის ტვირთის შემცირება.
არსებული მონაცემებით, 2015-2019წწ. მონაცემებით საქართველოში კონფირმაციული კვლევა 93 514 მოქალაქეს ჩაუტარდა. აქედან აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი 77 092 მათგანს დაუფიქსირდა. რაც შეეხება მკურნალობას, დაიწყო 60 263-მა პირმა, დაასრულა 55 912-მა, განიკურნა 39 128.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ც ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა სრულიად უფასოა. მისგან სამკურნალო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა 98% განიკურნა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტი. ყოველწლიურად დაახლოებით 399 000 ადამიანი კვდება მისგან გამოწვეული ღვიძლის დაავადებებით.
ავტორი: ნიუპრესი