100 დღეში ქუთაისი ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღე დარჩა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში ღონისძიებები გაიმართა და უკუთვლის საათები ჩაირთო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ვეტერანმა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა.
"ზუსტად 100 დღეში ქუთაისი დიდ ფეხბურთს უმასპინძლებს. ჩვენთვის დიდი პატივი და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა საქართველოს და რუმინეთის სხვა ქალაქებთან ერთად ვუმასპინძლოთ 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს.
სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი საუკეთესო სპორტული ტრადიციების ქალაქია. აქ დაიწყო არაერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენის წარმატებული კარიერა და მათ შორის დიდი ქართველი ფეხბურთელების. აქ დღესაც იზრდება იმედის მომცემი ახალი თაობა ფეხბურთელებისა და პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება სტიმული ის, რომ სწორედ ჩვენი ქალაქი მასპინძლობს უმაღლესი დონის საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატს.
განსაკუთრებულად ემზადება ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულყოფა, რათა ჩემპიონატის მონაწილეებს, მათ ქომაგებს და ჩვენი ქალაქის ყველა სტუმარს სათანადოდ დავხვდეთ. დროის ათვლა დაიწყო! ქუთაისი გელოდებათ! წარმატებულ, საინტერესო და დასამახსოვრებელ ევროპის ჩემპიონატს გისურვებთ!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა