112-სა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და სამოქმედო ტაქტიკას შემდეგ სიტუაციებში: მომხმარებელთან ურთერთობის ზოგადი წესები, კომუნიკაცია, რთული სიტუაციების მართვის სტანდარტები, შემოსულ პრეტენზიებზე რეაგირებისა და მონიტორინგის წესი და სხვა. ჩატარდება ტრენინგები პროფესიული გადამზადებისა და ერთობლივი აქტივობის ორგანიზებისთვის.
„საქართველოს რკინიგზაში“ მგზავრთა ინფორმაციულ მომსახურებას უზრუნველყოფს ქოლ-ცენტრი - 13 31.
მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებს „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადაამზადებენ. სწავლის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. თავის მხრივ, "საქართველოს რკინიგზა" სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ხელს შეუწყობს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის ცნობადობის ამაღლებას.
ავტორი: ნიუპრესი