წყალტუბოს საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებსაც ბრალი “ქართული ოცნების” სასარგებლო აგიტაციაში ედებათ, სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18 საათზე დაიწყება.
როგორც წყალტუბოს #58–ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ლოლა ფანცხავამ “ნიუპრესთან” საუბარში განაცხადა, კომისიის 5–მა წევრმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილოება. მათ ბრალად აგიტაციაში მონაწილეობა ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სანქცია 2 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
შეგახსნებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 აპრილს, ცესკო-ში შევიდა განცხადება, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ფიქრია კურასპედიანის, ამავე კომისიის მდივანის ნანი ქუთათელაძის და წევრის, ნუკრი იმედაძის წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო ჩართულობას. ამის შემდეგ განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის, უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მათ გარდა მონაწილეობდნენ №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლია ქობალია და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მზევინარ იობიძე.