პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი „ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა ჩაშალა“
მისი თქმით, ჰესის აშენების საწინააღმდეგო კამპანიას კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საია.
„ამ დღეებში შეგვახსენეს “ნამახვანჰესის” თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და არის რისკი, რომ 400 მლნ დოლარი დაეკისროს საქართველოს, კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფაქტობრივად აქედან გააგდო უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ.
გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება მიგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოურმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.
ამ კამპანიას მაშინ კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საია. სამივე დაფინანსებული იყო ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან.
დღეს ყველამ იცის, რომ იყო აბსოლუტური ფარსი რაც მოაწყვეს მაშინ, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო.
ასე რომ, “ნამახვანჰესის” ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ქართულ ინტერესებს ემსახურება.
რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.