|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

13 წლის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8,8 მლნ მგზავრზე მეტსა და 30 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა

 13 წლის განმავლობაში, გახსნიდან  დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8,8 მლნ მგზავრზე მეტსა და 30 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.  

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აეროპორტის საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება.

„ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, აეროპორტში საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები 25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ.

VISA-ს მხარდაჭერით, მთელი დღის განმავლობაში მგზავრების განწყობაზე ზრუნავს DJ, ასევე დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია დაბადების დღის კვირეულისადმი მიძღვნილი დრამერების მონაწილეობით პერფორმანსი. 

და მთავარი სიურპრიზის - ორმხრივი ავიაბილეთის გათამაშება ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულებით. გამარჯვებული მგზავრი, დღეს, მემინგენის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე, გაფრენამდე გამოვლინდება.

რაც შეეხება აეროპორტის ისტორიას, 13 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე არსებულ აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საჰაერო ხომალდების სადგომები, ახალი ტერმინალი და ახალი სანავიგაციო კოშკურა. 

საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპაში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია. 

13 წლის განმავლობაში აეროპორტის არსებული ტერმინალი  6 ჯერ გაფართოვდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა კი სრულად განახლდა. 

2023 წელი არსებობის მანძილზე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის ისტორიული იყო, და წლის ჭრილში პირველად მიიღო მილიონ 700 ათასამდე მგზავრი. 13 წლის განმავლობაში, გახსნიდან  დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8,8 მლნ მგზავრზე მეტსა და 30 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა. 

ამ ხნის განმავლობაში, აეროპორტში კვებისა და სხვა სერვისების კუთხით შემოვიდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები. აეროპორტის ტერიტორიაზე მოეწყო 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, დაინიშნა კომფორტული შათლ ბასები, აეროპორტთან 1, 6 კმ-ში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებული რკინიგზის სადგურს და მგზავრებს რამდენიმე წელია რკინიგზიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის  ტერმინალამდე და პირიქით, ასევე შათლ ბასები ემსახურება. 

განახლდა აეროპორტის სპეცტექნიკა, დასრულდა თვითმფრინავის სადგომების, ბაქნის  მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული e gate გასასვლელები, როგორც მოფრენის ისე გაფრენის დარბაზებში და აეროპორტის გამართული ოპერირებისთვის საჭირო სხვა თანამედროვე სერვისები.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად ახალი, 3, 5 კმ. ნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.რისი დასრულების შემდეგაც აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას, შეზღუდვების გარეშე შეძლებს, გაფრენის დარბაზში კი მიმდინარეობს ბიზნეს ლაუნჯის მოწყობა, რომელიც მგზავრებს დეკემბრიდან მოემსახურება.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს. 

დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში, აეროპორტის პარტნიორი ობიექტები 25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უკეთებენ. 

 

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აერიპორტი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის სექტემბერში გახსნა.

ავტორი: