ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მანანა მენაბდის კონცერტი გაიმართა.
მუსიკოსის რეპერტუარში დები იშხნელების სიმღერები ჭარბობდა. მომღერალმა კარგად ნაცნობი ჰიტების ახლებური ვერსიები შეასრულა. მუსიკოსს აკომპანიმენტს ქუთაისური ინსტრუმენტალური ჯგუფი „სამი-ზნე“ და ნიკა ნიკვაშვილი უწევდნენ. მანანა მენაბდემ მსმენელს საკუთარი იგავ-არაკებიც წაუკითხა.
ხელოვანის შემოქმედებამ აუდიტორის მოწონება დაიმსახურა. “Newpress.ge”-სთან საუბარში მაყურებელმა მარიტა ტყეშელაშვილმა განაცხადა: „არასდროს, არც ერთ კონცერტზე მსგავსი ემოცია არ მქონია. როდესაც მას უსმენ, შეუძლებელია, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო, მთლიანად გადადიხარ მის სამყაროში. ვფიქრობდი, რა მდიდრები ვართ, რომ ასეთი დონის არტისტი გვყავს. “
დები იშხნელების შთამომავალი კი საღამოს წარმატებას ქუთაისელ მაყურებელს უმადლის: “ეს შემაძლებინა ბაგრატის ტაძარმა და ქუთაისმა”-აღნიშნა მან.
მანანა მენაბდე, რომელიც ხელოვნების რამდენიმე მუზას ემსახურება, ერთ-ერთი პირველი ქალი იყო საქართველოში, რომლემაც 70-იან წლებში, კონცერტის დროს, სცენაზე შარვალი ჩაიცვა. მომღერლის ამ “ეპატაჟურ” საქციელს, მაშინდელ, კომუნისტურ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
ამჟამად მომღერალი უცხოეთში მოღვაწეობს.