„ჩემი შვილი არ არსებობს“
სიმონი 7 წლის ბიჭია. როგორც დედამისი ამბობს, ის „არ არსებობს“. არ არსებობს სახელმწიფოსთვის, თორემ დედ-მამისთვის და და-ძმისთვის სიმონი 7 წლის უმცროსი წევრია ოჯახში. დედას უნდოდა, რომ მის შვილს ბაღში ევლო, მაგრამ სიმონს პირადი ნომერი არ აქვს და შესაბამისად, - „არ არსებობს“. დედას შვილის სკოლაში მიყვანა უნდა, მაგრამ სიმონისთვის სკოლა არ არსებობს და, რომ მივყვეთ, - ჯანდაცვა, განათლება, სამსახური, - მომავალი არ იარსებებს სიმონისთვის, თუკი მისთვის პირადი ნომრის მინიჭება ვერ მოხერხდა.
ნატაშა როტა სიმონის დედაა, ბოშა მოლდოვადან, მოლდოვას მოქალაქეობით. როგორც ამბობს, თბილისში „ თავისუფალი საქართველოს დროს“, 16 წლის ასაკში ჩამოვიდა. მალევე გათხოვდა და აქვე „ჩარჩა“. სიმონის გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავს 18 და 17 წლის გოგო და ბიჭი: - „ესენი დიდები არიან, ამათი საქმე წასულია, მოუწევთ, ჩემსავით ქუჩაში მუშაობა. მაგრამ არ მინდა სიმონმაც ქუჩა-ქუჩა იაროს. რა მოხდა, მისცენ პირადი ნომერი, რომ სკოლაში გავუშვა? იქნებ კაცი დადგეს?! ქუჩაში რომ გვხედავთ, მათხოვრებს გვეძახით და უხეშად გველაპარაკებით, ხოდა, მიეცით უფლება ჩემს შვილს, რომ ისწავლოს და იარსებოს, ჰქონდეს მასაც არჩევანის უფლება მათხოვრობასა და სწავლას შორის“, - ამბობს ნატაშა როტა.
სიმონს დაბადების მოწმობა აქვს, ოღონდ, პირადი ნომრის გარეშე. მამამისი საქართველოს მოქალაქეა. ნატაშას თქმით, დაბადების მოწმობა პირადი ნომრის გარეშე რომ იყო, საბავშვო ბაღში საბუთების მიტანის დროს გაიგო, მანამდე არ დასჭირვებია და არ იცოდა: - „ბევრი ადამიანი მიცნობს, მეზობლებიც ცდილობენ ჩემ დახმარებას, მაგრამ არაფერი გამოდის“.
რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო ასეთი შემთხვევების დროს, რომ რამე „გამოვიდეს“, ამას ანა აბაშიძე, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის დამფუძნებელი ასე განმარტავს: - „ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამბობს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს და ის არის გარანტირებული ყველა იმ ბავშვისთვის, რომელიც საქართველოში იმყოფება, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვისთვისაც კი. განათლება და ჯანდაცვა ბავშვის საბაზისო უფლებაა, რომლის შეზღუდვაც პრაქტიკულად, გაუმართლებელია. დაუშვებელია და კონვენცია კრძალავს, დოკუმენტაციის არქონის გამო ბავშვს შეეზღუდოს განათლების უფლება. სამინისტრომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა უთხრას უარი, პირიქით, უნდა დაამყაროს კონტაქტი ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ჩართულია საჭირო მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების შემუშავებაში და თვალი უნდა ადევნოს ბავშვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მომზადებას“.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მოქმედებს პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ეგიდით. პროგრამა მოზარდების სოციალიზაციას ითვალისწინებს. ოთხ-ოთხი კაცისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ამ ბავშვებთან საერთო ენის გამონახვასა და საზოგადოებაში მათ ჩართვას ცდილობენ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის მანძილზე, მობილური ჯგუფების დახმარებით, ამ პროგრამაში 380 ბავშვი ჩაერთო; აქედან, - საქართველოს მოქალაქე 27%-ია. დოკუმენტაცია კი, - 33 ბავშვს მოუწესრიგდა.
ამ ეტაპზე, არ არსებობს დაახლოებითი რიცხვიც კი, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისა. 2008 წელს ორგანიზაცია "Save TheChildren"-ის კვლევის მიხედვით საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში 1500-მდე ქუჩის ბავშვი დაითვალეს. მათი პრობლემის გადაჭრას ყველაზე მეტად მათი აღურიცხაობა და დოკუმენტაციის არ არსებობა უშლის ხელს. დოკუმენტაცია, ხშირ შემთხვევაში, არათუ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს, არამედ მთელს მის ოჯახს არ აქვს, ისინი იურიდიულად არ არსებობენ, როგორც სიმონის შემთხვევაში.
მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ მხრივ, დიდი გამოწვევები აქვს, ერთ-ერთ პირველ გამოწვევად კი, სწორედ, ბავშვების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების არ არსებობას ასახელებს: - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროსთან გრძელვადიანი მოლაპარაკების შემდეგ მივედით შეთანხმებამდე, რომ შევიმუშაოთ დროებითი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია ბავშვებისთვის, რადგან დროულად მოხდეს მათი ჩართვა სახელმწიფო პროგრამაში და ბავშვმა დაიწყოს არსებული სერვისებით სარგებლობა. რაც შეეხება განათლებას, სააგენტო სამოქალაქო რეესტრთან ერთად, მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც, პირობითი ნომრის მინიჭების საშუალებით, შესაძლებელი გახდება ბავშვების სკოლაში მიყვანა. აღნიშნული პროგრამა განათლების სამინისტროსთან ერთად, პროექტის „განათლების მეორე შანსი“, ფარგლებში განხორციელდება“.
სანამ ახალი პროგრამა განხორციელდება, ბავშვებს, მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების გარეშე, დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრებში, მხოლოდ არაფორმალური განათლების მიღება შეუძლიათ.
როგორც მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს: - „ქუჩაში ცხოვრება უაღრესად მძიმე გავლენას ახდენს ბავშვებზე. ქუჩაში მყოფ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე და ჯანდაცვის სათანადო მომსახურებაზე, ისინი ხშირად არც რეგისტრირებულნი არიან და შესაძლოა, სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნიც გახდნენ. არასტაბილური ცხოვრების წესის და არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების გამო ეს ბავშვები საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფია“.
რაც შეეხება ჯანდაცვას, პირადი ნომრის არ არსებობა, ბავშვებისთვის, ამ მხრივაც მოუგვარებელი პრობლემაა: - „საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ყოველგვარი პირადი ნომრის გარეშეა შესაძლებელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა“, - აღნიშნავს მარი წერეთელი, თუმცა, გადაუდებელი დახმარება ბავშვებისთვის არასაკმარისი პირობაა.
„სწორედ მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების არარსებობა, უშლის ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ხელს, მიიღონ სრულყოფილი განათლება, ისარგებლონ ჯანდაცვითა თუ სხვა სოციალური პროგრამებით. საქართველო კონვენციის მონაწილე ქვეყანაა და რაც კონვენციაში წერია, არ არის სარეკომენდაციო ხასიათის, ესაა სავალდებულო ხასიათის ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, ბავშვი სარგებლობს კონვენციის ყველა უფლები, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების უფლებით, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის, ან - არის თუ არა, საერთოდ, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, - სახელმწიფო პასუხისმგებელია შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება“, - განმარტავს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ანა აბაშიძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის ინფორმაციით, 2014 წლის გაზაფხულზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს იმ იურიდიულ ხარვეზებს, რომლებიც საშუალებას არ აძლევს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონის გამო ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით: - „სამუშაო ჯგუფმა (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/სოციალური მომსახურების სააგენტოს და იუსტიციის სამინისტროს/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქტიური მონაწილეობით) შეიმუშავა რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს დროებითი პირადობის მოწმობების გაცემას აღნიშნული ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის სხვა მომსახურებებით სარგებლობა. რეკომენდაციები 2015 წლის ბოლომდე წარედგინება პარლამენტს. იმედი გვაქვს, აღნიშნული ცვლილებების მიღება უახლოეს მომავალში მოხდება და იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დროულად გაკეთება, ბავშვები შეძლებენ დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მიღებას და არსებული სერვისებით სარგებლობას“, - ამბობს მაია ქურციკიძე.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებები ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების შემუშავების საკითხს აქტიურად განიხილავენ, ეს მაინც, დროში გაწელილი პროცედურაა; გაურკვეველი რჩება, როდის მიეცემა სიმონს შესაძლებლობა „განათლების მეორე შანსისა“.
ავტორი: თამარ კურატიშვილი