|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"140 წევრი რომ ყოლოდა გია თევდორაძეს, პარტიის პრაიმერში მიიღებდა მონაწილეობას"

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებს. გოგისვანიძის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, გაერთიანებულ ოპოზიციაში ევროპული საქართველოდან წევრების მასიური გადასვლის შესახებ.  მისი თქმით, პარტიიდან 10 თვის წინ 10 ადამიანი  გია თევდორაძესთან ერთად  წავიდა.   

"140 წევრი რომ ყოლოდა გია თევდორაძეს, პარტიის პრაიმერში მიიღებდა მონაწილეობას. იცოდა, რომ წააგებდა პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებს, ამიტომ 10 თვის წინ თავის მეგობრებთან ერთად წავიდა პარტიიდან. წასვლის მიზეზი შიდაპარტიული არჩევნების წაგება იყო. ალბათ, ელოდებოდა დანიშვნას, მაგრამ "ევროპულ საქართველოში" აღარ ნიშნავენ უკვე, ხდება არჩევა,"-აცხადებს დავით გოგისვანიძე.  

გოგისვანიძე უარყოფს მასსა და გია თევდორაძეს შორის დაპირისპირებას. "ჩემსა და გიას შორის დაპირისპირება არ ყოფილა, ჩვენი ურთიერთობა არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ კონფლიქტამდე არ მისულა.

საწინააღმდეგოს აცხადებს გია თევდორაძე. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" გასული წლის დეკემბერში დატოვა, რაც შეეხება სხვა წევრებს, მათ პარტია მასთან ერთად არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, კონკრეტული ციფრი მას არ დაუსახელებია, თუმცა აცხადებს, რომ 140 არის ყველაზე მინიმალური რაოდენობა, რომლებიც ყავდა წინა არჩევნებზე "ევროპულ საქართველოს" კოორდინატორებისა და აქტივისტების სახით და დღეს იქნება გაერთიანებულ ოპოზიციაში. 

შეგახსენებთ, გია თევდორაძემ "ევროპული საქართველო" გასულ წელს დატოვა. არსებული ინფორმაციით, ეს დაპირისპირების ფონზე მოხდა, თუმცა მაშინ ინფორმაცია პარტიიდან  სხვა წევრების წასვლის შესახებ არ გავრცელებულა. დღეს კი გაერთიანებულ ოპოზიციას "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრები შეუერთდნენ. გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა "ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენელიც.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა