|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 წელს მიღწეულ პირებს ქორწინებისათვის სასამართლოს თანხმობა დასჭირდებათ

16 წელს მიღწეული პირების ქორწინება  ისეთი მიზეზის არსებობისას იქნება ნებადართული, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება.
საკანონმდებლო პროექტი, რომელიც მომზადებულია  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები "სამოქალაქო კოდექსში" და "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონში შედის.

დღეისათვის არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვება, ხოლო თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.წ. პატივსადები მიზეზების არსებობისას, დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოს შეუძლია.

უკვე ინიცირებული პროექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში მშობლებსა და მზრუნველებს ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება აღარ ექნებათ და აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში მოექცევა. იმავდროულად, ცვლილებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძველი და ერთადერთ საფუძვლად გოგონების შემთხვევაში - ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - ბავშვის დაბადება განისაზღვრება.

"სკოლის მოსწავლე გოგონები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მათ მშობლები ძალით გაათხოვებენ, ისინი თავს მოიკლავენ. ამავდროულად, ნაადრევი ქორწინებები, როგორც წესი, იწვევს ქორწინებაში შემსვლელ პირთა მხრიდან სწავლისათვის თავის დანებებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება", - აღნიშნულია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე