მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არცერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არცერთ მტკიცებულებას.
განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არ გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა, ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით.
გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში, რომელსაც ხელს მზია ამაღლობელის ადვოკატები, იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი აწერენ.
ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაარღვია განაჩენის მხარისთვის მიწოდების კანონით დადგენილი ვადა.
„საქმე არ იყო არც რთული, არც მრავალტომიანი და არც მრავალ ბრალდებულიანი, სასამართლომ არ ჩაგვაბარა განაჩენი კანონით დადგენილ 5 დღიან ვადაში, თუმცა ასევე დაარღვია განაჩენის ჩაბარების 14 დღიანი ვადა.
განაჩენი ჩაგვბარდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2025 წლის 25 აგვისტოს, რის გამოც შემცირდა ჩვენთვის კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა“, – აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები.
მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძისადმი სილის გაწვნის გამო.
მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა.
კერძოდ, მზია ამაღლობელს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ავტორი: