16 წლის გოგონა, რომელმაც აფხაზებთან ქართული სიმღერა შეასრულა
ქართულ-აფხაზური ომის დაწყებიდან 22 წელზე მეტია გასული. ამ კონფლიქტის შედეგად არა მხოლოდ სახელმწიფო მთლიანობა დაირღვა, არამედ ორ ხალხს შორის ღრმა უფსკრული გაჩნდა. როგორ ახერხებენ იქ, აფხაზეთში, მცხოვრები ქართველები და აფხაზები თანაცხოვრებას, როგორი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ მათ და რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე?
ამის გასარკვევად აფხაზეთში მცხოვრებ ჩემს მეგობრებს გავესაუბრე. მათი თქმით, აფხაზები ქართველებში ხედავნენ მტერს, თავიანთი მამის, ძმის, შვილის მკვლელებს და ჩვენდამი სიძულვილით არიან განმსჭვალულნი. „მაგრამ განა მხოლოდ მათ დაკარგეს ომში ახლობლები, ჩვენც იგივე გამოვიარეთ. ომი უბრალო ხალხის გამო არ მომხდარა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჩვენ, მოსახლეობა დავზარალდით ამით. აფხაზეთი საქართველოს მიწაა, მაშასადამე, აფხაზებიც საქართველოს შვილები არიან, ჩვენი თანამოძმეები“, -აცხადებენ ისინი.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობა და მეგობრობა დამყარდეს? გაგაცნობთ ადამიანს, რომელმაც გარისკა და სასურველი შედეგიც მიიღო. 16 წლის გოგონა, რომელმაც ქართული სიმღერით გაალღო არსებული ყინული, თამუნა მაქაცარიაა. ის აფხაზეთიდანაა, გარის რაიონის სოფელ ხუმუშკურიდან, სწავლობდა ზემო ბარღების სკოლაში.
„აფხაზეთში ყოველწლიურად სკოლიდან მიჰყავთ ბავშვები სამხედრო ბანაკში, სადაც ტარდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც ბანაკში პირველად წავედი. ეს ერთი კვირა ჩემი ცხოვრების წარუშლელ მოგონებად იქცა. ამ სამხედრო ბანაკში 10 ქართველი ვიყავით, დანარჩენი რუსი და აფხაზი ბავშვები იყვნენ. თავდაპირველად, ერთმანეთთან ურთიერთობაში არ შევდიოდით, ასე ვთქვათ, თავი შორს გევეჭირა ერთმანეთისაგან, ცოტა ცივი განწყობაც იგრძნობოდა. მე და ჩემი მეგობრები ცალკე ჯგუფად ვიყავით და მეგრულად ვსაუბრობდით. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა იქ მომსახურე ჯარისკაცმა იცოდა მეგრული და გამოგვეხმაურა. თავიდან, გულწრფელად გითხრათ, შეგვეშინდა კიდევაც, მაგრამ სულ ტყუილად, ის აღმოჩნდა მშობლიურ ხალხს, ენას მონატრებული ადამიანი და შემდეგ დავმეგობრდით კიდევაც. მისი წყალობით, შეიძლება ითქვას, კონტაქტში შევედით აფხაზ ბავშვებთან.
ერთ-ერთი შესვენების დროს დასასვენებელ დარბაზში ჩემმა მეგობარმა შეამჩნია ძველი პიანინო და მთხოვა, დამეკრა, თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ, ბოლოს, დავჯექი და შევასრულე აფხაზური სიმღერა ,,ვოი სარაიდა რაიდა." აუდიტორიისაგან დადებითი ემოცია წამოვიდა, ამიტომ შემდეგ მეგრული სიმღერა ,,ვა გიორქო მა" შევასრულე. სიმღერა რომ დავასრულე და თვალები გავახილე, დიდი თუ პატარა, აფხაზი გენერლები და ჯარისკაცები ჩემს გარშემო შეკრებილიყვნენ და თითქოსდა, ჩემგან უფრო მეტს ელოდნენ. უნდა გამეგრძელებინა სიმღერა, მაგრამ ამჯერად ქართული, ამისთვის მთელი ჩემი გამბედაობა მოვიკრიბე და შევასრულე ,,ჩემო ცისფერთვალებავ". სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობდი, მთელი სიმღერის განმავლობაში მეშინოდა, მაგრამ ვამაყობდი, რომ მე ეს შევძელი და ქართულად ვიმღერე. ვუყურებდი ჩემს გაფითრებულ მასწავლებელს, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა და სიკვდილს ელოდა, მისმა მოსწავლემ ქართული სიმღერის ჰანგები რომ გააჟღერა. მეშინოდა, მაგრამ შეწყვეტას აზრი არ ჰქონდა. საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. როდესაც დავასრულე, სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემი ახლად გაცნობილი ჯარისკაცი კი ცრემლებს ვერ იკავებდა, ტაშის დაკვრა დაიწყო, მას სხვებიც აყვნენ. უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, გაქრა ყოველგვარი შიში, მე უკვე ჩემს აფხაზ მეგობრებთან თავს დაცულად ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს აფხაზეთში ქართული დროშით შევსულვიყავი. სულ რაღაც ერთ კვირაში ქართულმა სიმღერამ ჩვენსა და აფხაზ თანატოლებს შორის ურთიერთობა შეცვალა“,-გვიამბო თამუნა მაქაცარიამ.
"დროა, დავივიწყოთ სიძულვილი და მტრობა, ის დანაკარგი, რაც ომმა დატოვა, ერთმანეთთან მეგობრობით და სიყვარულით შევავსოთ",-აცხადებენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები.
ავტორი: ელიტა ჯინჯოლია