|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 წლის კალათბურთელი, რომელიც ორი წელია ქუთაისის გუნდში თამაშობს

ქუთაისის საკალათბურთო გუნდ "ქუთაისი 2010"- ის შემადგენლობაში  ყველაზე უმცროსი, 16 წლის გიორგი ჭეიშვილი ირიცხება. ჭეიშვილი გუნდში 2 წელია,  თამაშობს.  ამ პერიოდის განმავლობაში გუნდს ბევრი წარმატება ჰქონდა. 

ჭეიშვილი სამომავლო გეგმებისა და გუნდის პერსპექტივების შესახებ "ნიუპრესს" ესაუბრა.

 ჭეიშვილის თქმით,  კალათბურთით მას შემდეგ დაინტერესდა,  რაც "ქუთაისი 2010" შეიქმნა.

„2010 წელს, როცა ქუთაისის გუნდი შეიქმნა,  თითქმის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია.  მაგ დროს ცეკვაზე დავდიოდი და გადავწყვიტე,  კალათბურთზე გადავსულიყავი. პირველივე დღიდანვე მივხვდი, რომ აქ იყო ჩემი ადგილი და  ეს სპორტი უზომოდ შემიყვარდა“,-აღნიშნა ჭეიშვილმა.

 მისივე თქმით, 14 წლის ასაკში „ქუთაისი 2010“-ის შემადგენლობაში ტრენერის, კოტე ტუღუშის მეშვეობით მოხვდა.

„ალბათ, ტრენერმა ჩემში პერსპექტივა დაინახა და 14 წლის ასაკში გუნდში  მიმიყვანა.  ისე გამეხარდა, რომ მართლა მეცხრე ცაზე ვიყავი. ძალიან დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ყველა დამეხმარა და ახლაც მეხმარებიან, რათა უკეთ განვვითარდე“,-აღნიშნა ჭეიშვილმა.

„ორი წლის განმავლობაში გუნდს ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა,  დიდი წვლილი არცერთ წარმატებაში მიმიძღვის. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, არ მინდა რომ ჩემი კარიერა მხოლოდ საქართველოს სუპერლიგით შემოიფარგლოს. ჩემი ერთ-ერთი სურვილი “CSK Moscow”-ში თამაშია"-განაცხადა ჭეიშვილმა.

16 წლის კალათბურთელი ქუთაისის #3 საჯარო სკოლაში სწავლობს, ძირითადი აქცენტი ვარჯიშზე აქვს გადატანილი, თუმცა სწავლის გაგრძელებასაც აპირებს. 
"ძალიან ძნელია ერთმანეთთან ვარჯიშის, სწავლისა და თამაშის შეთავსება, თუმცა უსწავლელობაც არაფერში გამომადგება და მაქსიმალურად ვცდილობ სამივე მოვახერხო, "-აღნიშნა ჭეიშვილმა. 

ჭეიშვილი კალათბურთის გულშემატკივარს ყველა ჩატარებული ტურნირში გამარჯვებას პირდება.

„ქუთაისი 2010" წელს ყველაფერს გააკეთებს, რომ ქუთაისელები გაახაროს და ყველა ჩატარებული ტურნირი მოიგოს“,-განაცხადა 16 წლის კალათბურთელმა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე