ქუთაისში, “ჯაჭვის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ მოწყობილი ტროტუარი უკვე დაზიანდა. ფილები ამოყრილია, რაც ქვეითებს გადაადგილებაში პრობლემას უქმნის.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ფილების მომწყობ კომპანიას გარანტია 2 წელი აქვს და ამ დროის განმავლობაში დაზიანებული ფილების აღდგენა ევალება.
„კომპანიას ექსპლუატაციის ვადა აქვს 2 წელი, ამ ხნის განმავლობაში წარმოქმნილი ყველა ხარვეზის გამოასწორება მას ევალება“-განაცხადეს ქალაქის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ დაზიანებული ფილების შეკეთებისთვის მერიამ 140 945 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად „არადანს” ვადა 2017 წლის აგვისტოს ბოლომდე ჰქონდა.