17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება ეკლესიებს, არ დაიხურება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნა ძალაში რჩება.
"ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. დიდი ზომის ეკლესიაში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას" , - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: ნიუპრესი