ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება

27 დეკემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება

“ფლორა ვესტლენდისა” და “ბერი ანდრიას ფონდის” ინიციატივით ქუთაისში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენაზე “ბერი ანდრიას ფონდის” ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთები და “ფლორა ვესტლენდის” მიერ წარმოდგენილი ყვავილები და სოჭის ნაძვები იყო წარმოდგენილი.

“ფლორა ვესტლენდის” წარმომადგენლის, ირაკლი ავალიანის განცხადებით, გამოფენა-გაყიდვას სამი მიზანი ჰქონდა.

„ქართულ-ჰოლანდიური კომპანია “ფლორა ვესტლენდის” ინიციატივით საქველმოქმედო აქცია “ბერი ანდრიას ფონდთან” ერთად მოვაწყვეთ. აქციას სამი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, მეორე არის ის, რომ ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ვეწევით. მესამე მიზანი ეკოლოგიის დაცვაა, არ მოვჭრათ ხე და მოვუფრთხილდეთ გარემოს და გავახაროთ სოჭის ნაძვი“, -აღნიშნა ავალიანმა.

“ბერი ანდრიას ფონდის” ხელმძღვანელის მარინე გიორგობიანის თქმით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შევუერთდით გამოფენა-გაყიდვას, წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ბავშვების ხელით შექმნილი აქსესუარები და ნამუშევრები. ასევე წარმოდგენილია გოგონას ნამუშევრები, რომელიც განიკურნა და ამჟამად კონტროლს გადის“, – განაცხადა გიორგობიანმა.


საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ქუთაისში, სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ში მოეწყო. გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულიად მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.

თეგები: საზოგადოება