2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სარეალიზაციოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისაგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები შემოიტანეს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, ვაგზლის მოედანზე განთავსებულ ე.წ „ოქროს ბირჟის“ ტერიტორიაზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: