2 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო, შესაძლოა, აიკრძალოს
დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა, აიკრძალოს. „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს 30 სექტემბრის სხდომაზე იგეგმება.
კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლს, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს შეეხება, ემატება ჩანაწერი:
„ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს.“
შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილში ვკითხულობთ, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.
კანონპროექტის ინიციატორი მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია დასაქმებული კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში მუშაობდეს, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე, აღნიშნულია, რომ კანონპროექტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ილია ვერძაძე არიან, ინიციატორი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.
ავტორი: ნიუპრესი