|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი სპორტის სასახლის დაპროექტება მიმდინარეობს

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მზადდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. 
უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად, ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, Gensler-თან თანამშრომლობით ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, Gensler-ის არქიტექტურული ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები — მათ შორის Moody Centre Basketball and Events Arena (აშშ), YOFC-ის სათავო ოფისი (ჩინეთი) და Adobe Founders Tower (აშშ) - თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებად არის აღიარებული. Gensler-ის ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქების იდენტობისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნებას, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებულ დიზაინს.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში მზადდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი. შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების მისაღები ოთახების მოწყობა. შენობაში ასევე განთავსდება სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის მრავალფუნქციური სპორტის სასახლე შეძლებს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობას.
 
 
 

ავტორი: