20 და 21 იანვარს მესხიშვილის თეატრში ,,პიგმალიონი“ გათამაშდება
20 და 21 იანვარს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ქუთაისელ მაყურებელს ნობელის პრემიის ლაურეატის, ბერნარდ შოუს ,,პიგმალიონი“ ელის.
ინგლისურენოვანი ფერადი, მხიარული და ყველასათვის ერთნაირად საყვარელი მიუზიკლი, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა და მისი პირველი, წარმატებული პრემიერა ქუთაისი- ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საიუბილეო დღეებს მიეძღვნა.
სპექტაკლს უელსის პარლამენტის თავმჯდომარე დამა როზმარ ბატლერმა და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ,,მსოფლიო პრემიერა“ უწოდეს.
,,პიგმალიონის“ პოპულარობა, ამ პიესის არაჩვეულებრივმა ეკრანიზაციამაც განაპირობა ფილმით ,,ჩემი მშვენიერი ლედი“, სადაც მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებს. ,,პიგმალიონის“ მუსიკალურმა კინოადაპტაციამ ,,ოსკარი“ 7 ნომინაციაში მიიღო და დღემდე აქტუალურია.
მესხიშვილის თეატრში ეს პროექტი, ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის და ქუთაისის მერიის მხარდაჭრით განხორციელდა.
ავტორი: ნიუპრესი