|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წლიდან მშენებლობის ნებართვის მოპოვება ქუთაისში ელექტრონულად მოხდება

 ქუთაისის მერიის არქირექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ელექტრონულ მმართველობაზე გადადის,  სისტემის პრეზენტაცია დღეს გაიმართა ქუთაისის მერიაში.

ქალაქში დასაქმებულ არქიტექტორებს ახალი პროგრამა ქალაქის მერმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. როგორც შოთა მურღულიამ განმარტა, ქალაქის განვითარების გეგმის თანახმად, მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლა ეტაპობრივად ხდება. ამ მხრივ, ჩავარდნა არქიტექტურის სამსახურის მართვასთან იყო. „მე ადრეც განვაცხადე, რომ არქიტექტურასთან დაკავშირებით დიდი რეფორმები იყო განსახორციელებელი, რადგან მოძველებული ფორმით ხდება ამ სისტემის მართვა“.

მერის თქმით, ელექტრონული ვერსია თბილისის მიერ შექმნილის ანალოგიურია. „თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებსაც რამდენიმე ასეულ ათასობით ლარი ჰქონდათ ამ კვლევებში დახარჯული, ვთხოვეთ და მათ მიერ შემუშავებული პლატფორმა ელექტრონული სისტემის, გადმოვიტანეთ“, -განაცხადა შოთა მუღღულიამ. მისი თქმით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა გააადვილებს მშენებლობებზე ნებართვების გაცემის პროცედურას და მას გახდის საჯაროს და გამორიცხავს ბიუროკრატიულ ფაქტორს. „ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

არქიტექტორის ანდრო მარჯანიშვილის თქმით, ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლამ პირველ ეტაპზე, შესაძლოა, სიძნელეები შექმნას.  საწინააღმდეგო აზრისაა  არქიტექტორი გია ხუჯაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში გადაცხადა, რომ ამ სისტემის დანერგვას წლებია ელოდნენ და ითხოვდნენ, რაც არა მხოლოდ ბევრად აადვილებს ნებართვის მიღების პროცედურას, არამედ ამცირებს რისკს არასათანადო და დაბალი ხარისხის პროექტის „გაპარების“, რაც არც თუ იშვიათად  ხდება.  სისტემაში ატვირთული პროექტი ინტერნეტსივრცეში საჯარო იქნება და მასზე აზრის გამოთქმა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.

სიახლე 2017 წლიდან ამოქმედდება. ქუთაისი პირველი ქალაქია თბილისის შემდეგ, რომელიც ელექტრონულ მმართველობაზე გადადის.

სისტემა ჩართულია www.my.kutaisi.gov.ge, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე