|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვთა სუიციდის - 14, სუიციდის მცდელობის - 54, ხოლო ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა დაფიქსირდა

 ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა, დაფიქსირდა არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშის თანახმად,  ძალადობის ფაქტების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად,  უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი ამ დრომდე არ დანერგილა.

"კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკსა და 12 ფსიქოლოგს უწევს სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან მუშაობა. გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა", -ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესშიც, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვების ნაწილის განათლების უფლებას, განსაკუთრებით რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით. კვლავ მაღალია მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი.

"პანდემიამ  მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 71766-დან 87527-მდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ბენეფიციარების რიცხვი კი 152353-დან 186131-მდე გაიზარდა.

სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ პერიოდში მათ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, დატვირთული გრაფიკით და არაჯანსაღ გარემოში უწევთ მუშაობა; ხშირად, ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.

კვლავ პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. საყურადღებოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევა, რომლის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდის პანსიონებში ისედაც მაღალი ხარისხით არსებული ინსტიტუციური ძალადობის რისკს"-ნათქვამია  სახალხო დამცველის ანგარიშში.

ავტორი: ნიუპრესი