2020 წელს წყლისა და წყალარინების პროექტებში 256 მილიონი ლარი დაიხარჯება
მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
ამ დროისთვის, კაპიტალური პროექტების დაფინანსების წყარო ანუ სასესხო ხელშეკრულების ღირებულება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან 500 მილიონ დოლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკს გამოყოფილი აქვს 180 მილიონი ევრო, გერმანიის განვითარების ბანკს - 100 მილიონი ევრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს - 7,5 მილიონი ევრო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს - 7 მილიონი ევრო. წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.
„რომ გადავხედოთ ბოლო 3 წლის სტატისტიკას - 2017 წელს დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელდა 122 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს მოიცავდა ADB-ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამასა და EIB_EPTAF - ქუთაისის წყალარინების პროექტს. 2018 წელს ეს ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონით და შეადგინა 53 მილიონი ლარი, აქ დაგვემატა ახალი დონორორი ორგანიზაცია KfW, რომელმაც იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გამოყო დაფინანსება. წელს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საერთო ჯამში მივიღეთ 197 მილიონი ლარის დაფინანსება წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის,“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები. 2017 წელს 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2018 წელს ეს ციფრი გაიზარდა 15 მილიონამდე, წელს პროექტების განხორციელებაზე 63 მილიონი ლარი იხარჯება, მომავალ წელს კი, გეგმის მიხედვით, პროექტებს 65 მილიონი ლარი მოხმარდება.
ავტორი: ნიუპრესი