|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2024 წლიდან ამომრჩეველთა 70 პროცენტი ხმის მიცემას ელექტრონულად შეძლებს

2024 წლიდან ამომრჩეველთა 70 პროცენტი ხმის მიცემას ელექტრონულად შეძლებს, - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

 მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.


"გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.


კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.


ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა