ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ მოთავსებული ორი უკრაინელი ბავშვი კლინიკას დღეს დატოვებს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობა აღარ ესაჭიროებათ.
“ათიდან 2 ბავშვი რჩებოდა ჩვენს კლინიკაში. დღეს მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პრაქტკიკულად ჯანმრთელები არიან, შეიძლება გაეწერონ სტაციონარიდან. ჩვენ ვთანამშრომლობთ სოციალურ მუშაკებთან და მათი თხოვნით, ორგანიზაციული საკითხების გამო ბავშვები დილამდე დარჩებიან ჩვენთან”, -განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს სოციალური სამსახურის მუშაკი თავშესაფარში გადაიყვანს.
კლინიკაში 10 უკრაინელი ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, რვამ კლინიკა 25 აპრილს დატოვა, 6 თვის და 2 წლის ბავშვები კი ამ დრომდე კლინიკაში რჩებოდნენ. ბავშვები ზუგდიდიდან კლინიკაში 20 აპრილს შეიყვანეს. მათ ნაწლავური ინფექცია აღენიშნებოდათ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე, 10 ბავშვის თანხმლები იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იულია სუსლიაკი აცხადებს, ბავშვები მისი შვილები არიან.
გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.