|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 323 636 ლარი ადმინისტრაციულ ხარჯებზე და "ქამრების შემოჭერა" იმერულად [VIDEO]

იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს გასულ წელს აღებული ხელფასები, პრემიები და დანამატები არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუთვალა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო იანგარიშა და განაცხადა, რომ 2016 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პირთა სახელფასო ანაზღაურების, პრემიის, ჯილდოს, დახმარების  და  დანამატის სახით 22 323 636 ლარი გაიცა.

ორგანიზაციამ გამგეობებისა და საკრებულოების ადმინისტრაციული ხარჯები ცალ-ცალკე დაითვალა. როგორც ანგარიშში წერია, გამგეობებსა და ქუთაისის მერიაში სახელფასო ანაზღაურებაზე დაიხარჯა 17 217 253, ხოლო საკრებულოებში - 5 106 383 ლარი. რაც შეეხება პრემიას, ჯილდოს, დახმარებასა და დანამატებს წლის განმავლობაში, 3 360 132 ლარი გაიცა.

 ორგანიზაციის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ კვლევის პრეზენტაციაზე  განაცხადა, რომ ციფრებით ქუთაისი ლიდერობს.

„ქუთაისის მერიაში თანამშრომლებზე გაიცა 2 887 721 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებზე 225 659,  რაც ჯამში 3 113 381 ლარია.

ამავე წელს მერიაში პრემიის სახით გაცემულია 450 455 ლარი. დანამატის სახით 195 541ლარი. მატერიალურ დახმარების  -  88985.04 ლარი. სულ გაიცა 734 981 ლარი, რასაც საკრებულოში გაცემული 712 200 ლარი ემატება“, –განაცხადა ლელა მოწონელიძემ და მუნიციპალიტეტებს თანხების მიზნობრივად გაცემისკენ მოუწოდა. 

ორგანიზაცია არ ეთანხმება პრემიების დღესასწაულზე გაცემას და 12–ივე მუნიციპალიტეტს მიდგომების შეცვლისკენ მოუწოდებს.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და ქუთაისზე აქცენტის გაკეთების გამო მერიამ ორგანიზაციას შენიშვნებით მიმართა, კვლევას კი „არასათანადოდ ჩატარებული“ უწოდა.

ლელა მოწონელიძეს ჯერ მერიაში პირადად გაესაუბრნენ, მოგვიანებით კი ბრიფინგიც გამართეს და ის შენიშვნები გაასაჯაროვეს, რაც ორგანიზაციას გადაეგზავნა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ბრიფინგზე ორგანიზაციის კვლევაში არსებულ რიგ უზუსტობებზე ისაუბრა. ზვიად ჯავახიას განცხადებით, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ანგარიშში არ არის გარკვეული, იღებს თუ არა პრემიას  ქუთაისის მერი.

„ჩვენს მიერ მიწოდებულ ცხრილში, სადაც საუბარი იყო პრემია-დანამატებზე, მერის გრაფაში არ იყო მითითებული პრემია-დანამატი, რაც მიუთითებდა, იმას, რომ მერს პრემია არ აუღია, რაც ვერ დაადგინეს ორგანიზაციაში და  ჩათვალეს, რომ არასრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტმა გასცა პრემია დღესასწაულებზე, რაც იმთავითვე არის ტყუილი. ქუთაისის მერიაში ბოლო სამი წელია პრემია გაიცემა დამსახურებით, რაც ორგანიზაციამ არ გამოყო“, -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

მას შენიშვნები ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შინაარსთანაც აქვს. ჯავახიას თქმით, კვლევა ნიშნავს, არა მხოლოდ ციფრების წარმოდგენას, არამედ შედარებას წლების, მუნიციპალიტეტების და დასაქმებულთა მიხედვით.

„თუ ქუთაისს შეადარებ პატარა მუნიციპალიტეტებს, რომლის ბიუჯეტიც სამი მილიონია, რა თქმა უნდა, გამოვა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები ყველაზე მეტი ქუთაისს აქვს, რაც არ ნიშნავს, რომ ქუთაისი ადმინისტრაციულ ხარჯებში ზედმეტს ხარჯავს. უბრალოდ, ქუთაისის მერიაში 300-ზე მეტია ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ჯავახიამ.

შენიშვნებს შენიშვნებითვე უპასუხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“. ის, რაც მერიისთვის გამაღიზიანებელი გახდა, საკუთარი „საქმიანობის თავისუფლებად“  შეფასდა ორგანიზაციაში. ლელა მოწონელიძის განცხადებით, ორგანიზაცია გაწეულ საქმიანობას კვლევას დაარქმევს თუ ანგარიშს, ეს მათი გადასაწყვეტია.  მისი თქმით, მიზანი იყო 2016 წელს მუნიციპალიტეტებში გაცემული ხელფასების, პრემია-დანამატების გასაჯაროვება, რაც ორგანიზაციამ გააკეთა.

მოწონელიძის თქმით, კვლევაში არ ყოფილა შეცდომები, ამიტომ არც შენიშვნების შეტანას გეგმავენ, თუმცა მერიის მიერ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში თანხმდებიან დამატებითი ინფორმაციის შეტანაზე.

პრემია-დანამატების თემას არც ოპოზიციური სპექტრის გამოხმაურების გარეშე ჩაუვლია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ნარსიამ ბრიფინგი გამართა და მერიას „ქამრების შემოჭერისკენ“ მოუწოდა. ნარსიას თქმით, ვიცე–მერები თვეში 4 164 ლარს იღებენ.

ბრალდებას მერიაში დაუზუსტებელი და დისკრედიტაციის მცდელობა უწოდებს. მერის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წევრები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების გაღიზიანებას.

„პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელებმა თემა მიზანმიმართულად გამოიყენეს მერიის დისკრედიტაციისთვის. არ დააზუსტეს ინფორმაცია და პირიქით, გაზარდეს თანხები. მათ გონიათ, თუ საზოგადოებას გააღიზიანებენ, ამით რამეს მიაღწევენ.  პოლიტიკური კულტურა არაა გაზრდილი, რადგან ჩვენ უნდა ვიდაოთ პროგრამებზე და არა ვინმეს ტყუილ განცხადებაზე“,–განაცხადა შოთა მურღულიამ.

გავრცელებულ ინფორმაციას ვიცე–მერების მიერ ყოველთვიური პრემიის აღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის „სურვილი“ უწოდა ვიცე–მერმა ნოდარ მიქიაშვილმა. მიქიაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას სურდა მას და კოტე ქავთარაძეს აეღოთ პრემიები, რომ შემდეგ საპროტესტო თემა ჰქონოდათ. მიქიაშვილის თქმით, პრემია გასულ წელს მხოლოდ ერთხელ  - iso სერტიფიკატის გამო აიღო.

კანონში  ცვლილება გასულ წელს შევიდა და  თვითმმართველობებს ხარჯების 10 პროცენტით შემცირება დაევალა. არსებული კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, ბიუჯეტის მხოლოდ  15%–მდე გაიღონ  ადმინისტრაციულ ხარჯებზე.

როგორც ქუთაისის მერი განმარტავდა, მან მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გაცილებით ადრე დაიწყო და ორ წელიწადში 2, 5 მილიონით შემცირდა. ამ დროისთვის მერია ხელფასებზე, პრემია დანამატებს 4 123 500  ლარს ხარჯავს.

შევა თუ არა ორგანიზაციის კვლევაში დამატებითი ინფორმაცია,  ეს ჯერ არაა ცნობილი, თუმცა ცნობილია ის, რომ მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ხარჯები მთავარ გამოწვევად რჩება. მართალია, ქუთაისში აიკრძალა პრემიების დღესასწაულებზე გაცემა, მაგრამ ეს პრაქტიკა კვლავ რჩება სხვა მუნიციპალიტეტებში, ზოგან ახალი დებულებაც მოიგონეს „საშვებულებო დახმარების“ სახით, ზოგმა მუნიციპალიტეტმა კი პრემია-დანამატი კანონის უცოდინრობის გამო ვერ გასცა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა  ასევე  ინფორმაცია 2016 წელს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ.

ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია.

 2015 წელს 1 114 928.69 ლარი გაიცა (პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი -  680 111.19 ლარი), 2016 წელს კი 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი  -  968 511.61 ლარი).

2015 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა და მისი მოცულობა საგრძნობლად გაზრდილია, პრემიის გაცემის სიხშირე და რაოდენობა კი წინა წლებთან შედარებით, მცირედით შემცირებულია;

2016 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 65 415 ლარის ოდენობით,  კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა;

2016 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში 204 183.11 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (167 712.26 ლარი)

2016 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის გარდა, არც ერთ გუბერნატორს არ აუღია. გივი ჭიჭინაძის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატისა (35 400 ლარი) და პრემიის (2 950 ლარი) ჯამურმა ოდენობამ 38 350 ლარი შეადგინა.

იმერეთის გუბერნიაში 391 267 ლარის ხელფასი, 129 498 ლარის პრემია და სახელფასო დანამატი  გაიცა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამსახრეო ადმინისტრაციაში დუმილით უპასუხეს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი