„საკითხის შესწავლის გარეშე ხდება თემით აპელირება და მერიის დისკრედიტაცია“ [VIDEO]
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას არასრულყოფილად აფასებენ ქუთაისის მერიაში.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის კვლევაში არსებულ რიგ უზუსტობებზე ისაუბრა. ზვიად ჯავახიას განცხადებით, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ანგარიშში გაურკვეველია, იღებს თუ არა პრემიას ქუთაისის მერი.
„ჩვენს მიერ მიწოდებულ ცხრილში, სადაც საუბარი იყო პრემია-დანამატებზე, მერის გრაფაში არ იყო მითითებული პრემია-დანამატი, რაც მიუთითებდა, იმას, რომ მერს პრემია არ აუღია, რაც ვერ დაადგინეს ორგანიზაციაში და ჩათვალეს, რომ არასრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტმა გასცა პრემია დღესასწაულებზე, რაც იმთავითვე არის ტყუილი. ქუთაისის მერიაში ბოლო სამი წელია პრემია გაიცემა დამსახურებით, რაც ორგანიზაციამ არ გამოყო“, -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მას შენიშვნები ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შინაარსთანაც აქვს. ჯავახიას თქმით, კვლევა ნიშნავს, არა მხოლოდ ციფრების წარმოდგენას, არამედ შედარებას წლების, მუნიციპალიტეტების და დასაქმებულთა მიხედვით.
„თუ ქუთაისს შეადარებ პატარა მუნიციპალიტეტებს, რომლის ბიუჯეტიც სამი მილიონია, რა თქმა უნდა, გამოვა რომ ადმინისტრაციული ხარჯები ყველაზე მეტი ქუთაისს აქვს, რაც არ ნიშნავს, რომ ქუთაისი ადმინისტრაციულ ხარჯებში ზედმეტს ხარჯავს. უბრალოდ, ქუთაისის მერიაში 300-ზე მეტია ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ჯავახიამ.
ქუთაისის მერი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის წარმოადგენელს შეხვდა, მიაწოდა ინფორმაცია შენიშვნების შესახებ. ასევე ჯავახიას თქმით, ის თავადაც შეხვდა ლელა მოწონელიძეს და ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც გაუგზავნა, თუმცა, კვლევაში შენიშვნების შეტანა არ მომხდარა.
ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე. მისი თქმით, მათ თავდაპირველად არ მიუღიათ ინფორმაცია მერიაში გაცემული პრემია-დანამატების შესახებ დეტალურად, რამაც გამოიწვია აღნიშნული დეტალების არარსებობა, თუმცა აცხადებს, რომ ორგანიზაციას ციფრებში არ აქვს შეცდომები.
„დიახ, ჩვენ როდესაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მერიამ სრულად გამოიყენა 10 დღიანი ვადა პასუხის გასაცემად, ასევე არ მოგვაწოდა ინფორმაცია დეტალურად, როდის გაიცა და ვისზე პრემია. ამიტომ მოხდა მხოლოდ ერთიანი ციფრის გამოტანა. ასევე მათი დაგვიანების გამო ჩვენ არ დაგვრჩა დრო დამატებითი წერილიების გადასაგზავნად, ვფიქრობთ, რომ მათ დროულად უნდა მოწეოდებინათ პასუხები, რადგან ყავთ ამ საკითხე პასუხისმგებელი პირები. ასევე მათ მიერ ინფორმაცია, რომ პრემიები არ გაიცემა დღესასწაულებზე, არის მხოლოდ განცხადების სახით გავრცელებული და ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. მათ დამატებითი ინფორმაცია გადმოგვიგზავნეს პარასკევს, თუმცა არასრულყოფილად, რატომაც მათ ისევ მივმართეთ წერილობით, ველოდებით ინფორმაციას, თუ მოგვაწოდებენ. ამის მიხედვით კვლევაში მოხდება დამატებითი ინფორმაციის შეტანა და არა შესწორება“, -განაცხადა ლელა მოწონელიძემ.
მას შენიშვა ჯავახიას ბრალდებასთან დაკავშირებითაც აქვს. მისი თქმით, ორგანიზაცია გაწეულ საქმიანობას კვლევას დაარქმევს თუ ანგარიშს, ეს მათი გადასაწყვეტია. მისი თქმით, მიზანი იყო 2016 წელს მუნიციპალიტეტებში გაცემული ხელფასების, პრემია-დანამატების გასაჯაროება, რაც ორგანიზაციამ გააკეთა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს შენიშვნები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც აქვს.
„საკითხის შესწავლის გარეშე ხდება თემით აპელირება და მერიის დისკრედიტაცია“, -განაცხადა ჯავახიამ.
შეგახსენებთ, რომ მერიაში გაცემულ პრემიებს გუშინ ბრიფინგი „თავისუფალი ზონის“ წევრმა გააკეთა. ნარსიას თქმით, მერიაში 3 მილიონზე მეტი პრემია გაიცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი