"მჯერა, პანტომიმა ქუთაისშიც პოპულარული იქნება"
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციები არასოდეს მთავრდება. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მას შემდეგ, რაც ოპერის თეატრი მუშაობას ამთავრებს, მომღერლებს მოცეკვავეები ენაცვლებიან, რეპეტიციებს პანტომიმის თეატრის მსახიობები იწყებენ. უბინაო თეატრი 8 წლის წინ ოპერის თეატრმა შეიფარა, მას შემდეგ მიმები "ღამის ცვლაში" მუშაობენ. ცოტა ხნის წინ პანტომიმის თეატრმა პრემიერა წარმოადგინა. ბაქარ ბაქრაძის რეჟისორობით დადგმულ, ბიბლიურ სიუჟეტზე აგებულ პიესაში "ცოდვილნი" ევას როლი მსახიობმა ბელა მაჭავარიანმა შეასრულა.
ქუთაისის პანტომიმის თეატრის მსახიობს ბელა მაჭავარიანს "ნიუპრესი" ესაუბრა.
-როგორია თქვენი, როგორც პანტომიმის თეატრის მსახიობის ერთი დღე?
-ჩემი დღე საღამოს იწყება, რეპეტიციებს საღამოს საათებში ვიწყებთ, პირველ რიგში, იწყება ტრენაჟით რეპეტიცია, რომ ყველა კუნთი მოძრაობაში მოვიდეს. ჩვენი ხელოვნება პლასტიკით გადმოიცემა, ამიტომ სულ ფორმაში უნდა ვიყოთ. რეპეტიცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ამის წინასწარ დაგეგმვა არ ხდება, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ისეთი შემთხვევებიც გვქონია, რეპეტიციების დროს თავზე დაგვთენებია. მაგალითად, ამ პრემიერის წინ, ვერც კი შევნიშნეთ, საათს რომ დავხედეთ, დილის რვა საათი სრულდებოდა... ხელოვნების სფეროში ვერ განსაზღვრავ წინასწარ, როდის რას გააკეთებ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შემოქმედებითად წავა პროცესი, თუ დრო და სივრცე გაძლევს ამის საშუალებას. ჩვენ ამით შეზღუდული ვართ, რადგან თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნია და ოპერის თეატრში ვართ. ამისათვის მადლობას ვუხდით ოპერის თეატრს. თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა როზა დვალიშვილმა შეგვიფარა 8 წლის წინ და მას შემდეგ აქ ვართ. თუმცა ეს დიდი თეატრია, თავისი რეპერტუარი და თავისი საქმე აქვს, ამიტომ განსაზღვრულია დრო სულ.
- ალბათ, სხვა სამსახურში მუშაობაც გჭირდებათ იმისათვის, რომ ანაზღაურება გქონდეთ?
-დამატებითი სამსახურის ძებნა არ ხდება პირადი კომფორტისათვის, რომ იყოს ის მომენტი, რომ მთელი დღე შემეძლოს რეპეტიციაზე ყოფნა, ქუჩაშიც რომ მომიწიოს ცხოვრებამ, გამორიცხულია, რომ ჩემი თეატრის დრო სხვა საქმეს დავუთმო. ჩვენ შემთხვევაში, ფიზიკურადაც კი არ გვაქვს ადგილი, რომ შევიკრიბოთ და თუნდაც ვისაუბროთ, აქედან გამომდინარე, გვაქვს დამატებითი სამსახური, ღამით, ერთ-ერთ ფირმაში ვმუშაობ გაყიდვების კონსულტატადად. ესეც იმიტომ, რომ ელემენტარული საარსებო საშუალება მქონდეს და აქამდე მოსვლა შევძლო.
-თქვენი საქმიანობა ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას ითხოვს, ეს იმათთვისაც კი ძნელი იქნება, ვისაც ნორმალური სამუშაო პირობები აქვს და შესაფერი ანაზღაურებაც, თქვენ როგორ ახერხებთ ამას? ერთგვარ სამოქალაქო გმირობას მოითხოვს ალბათ?
- გმირობას არ დავარქმევ, უფრო საქმის სიყვარულს. დატვირთვა რა თქმა უნდა მაქვს, ღამის ცვლაში ვმუშაობ, მოვდივარ, შემდეგ რეპეტიციას გავდივარ, შემდეგ ისევ სამსახურში მივდივარ, სადაც საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე ვმუშაობ, ასეა ყოველი დღე. მაგრამ არ ვწუწუნებ, როცა გიყვარს საქმე, აღარ გაქვს იმის დრო, იმაზე იფიქრო, რომ დაღლილი ხარ და გეძინება...
-თქვენი თავი რომ წარვუდგინოთ მკითხველს, რა გზა გაიარეთ დღევანდლამდე?
-რაც თავი მახსოვს, მსახიობობაზე ვოცნებობდი. ჩავაბარე, ოჯახისაგან მალულად, თეატრალურზე, ქუთაისში - პედაგოგიკის და ხელოვნების ისტიტუტში. რაც შეეხება პანტომიმას, ეს სპეციფიკა ჩემთვის უცხო იყო. ბაქარ ბაქრაძემ ჩამოაყალიბა პანტომიმის თეატრი. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი, პარალელურად ვმუშაობდი სამოყვარულო თეატრში, სადაც გავიცანი ბაქარი. მან ამიყვანა მის პირველ სპექტაკლზე და მას შემდეგ ამ თეატრთან ვარ.
იმდენად მომხიბლა ამ ჟანრმა, მივხვდი, რომ ეს არის ჩემი საქმე. ბაქარი ამირან შალიკაშვილის მოსწავლეა, რომელიც არის საქართველოში ამ ჟანრის ფუძემდებელი.
-რა როლები გაქვს შესრულებული?
-პანტომიმის თეატრს აქვს 5 სპექტაკლი დადგმული და ყველა მათგანში მაქვს ნათამაშები.
-რამდენი მსახიობი ხართ დასში?
-ათკაციანი დასი ვართ, მაგრამ როდესაც მსახიობის დამატება გვჭირდება, ვიმატებთ ჩვენი სტუდიიდან. ჩვენს თეატრს სტუდიაც აქვს, ვისაც სურს ამ ხელოვნების შესწავლა, ან თუნდაც თავისი პლასტიკის გაუმჯობესება, ასეთი ადამიანები მოდიან და ჩვენს გვერდით არიან.
-დასის წევრების საქმიანობა ანაზღაურებადია, თუ ენთუზიაზმზე მუშაობთ?
-ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, თუმცა ვმონაწილეობთ ქუთაისის მერიის ღონისძიებებში. მინდა, ქუთაისის მერს მადლობა გადავუხადო, რომელიც დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება შენობის საკითხის გადაწყვეტაში. როდესაც ჩვენი შენობა გვექნება, შემდეგ ხშირად გავმართავთ წარმოდგენებს, რაც შემოსავალსაც გაგვიჩენს. ჩვენ ახლა 2 წლის პაუზის შემდეგ გავმართეთ პრემიერა, ეს, რა თქმა უნდა უკავშირდება შენობის არარსებობას, ამ ხნის განმავლობაში მაყურებელსაც ავიწყდები...
-რამდენად ახერხებთ გასტროლებზე გასვლას, ან ფესტივალებში მონაწილეობას, რომ სხვა კოლექტივების მუშაობაც ნახოთ და პროფესიულადაც გაიზარდოთ?
-პროფესიულ ზრდას ვახერხებთ ბატონ ამირან შალიკაშვილთან ურთიერთობით. მან ორი წლის წინ დაარსა პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ჩავედით და დიპლომიც ჩამოვიტანეთ. იყვნენ ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნებიდან დასები. ყველა ქვეყანას განსხვავებული სტილი აქვს, აბსოლუტურად განსხვავებულია ქართული პანტომიმა.
რაც შეეხება უცხოეთში გასვლას, უსახსრობის გამო ვერ შევძელით, რამდენჯერმე გვქონდა მოწვევა სხვადახვა ქვეყნებიდან.
-რას იტყვი შენს როლზე, რამდენად გაითავისე ევას როლი?
-ამ როლიდან ის გავიგე, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია და ერთმანეთი არ უნდა განვიკითხოთ. სპექტაკლის ბოლოს, გლოვის სცენაში, სადაც უფალი აძევებს ადამიანებს სამოთხიდან, ჩანს, რომ ადამიანები თავიანთ შეცდომებს ვერ ხედავენ და ერთმანეთს აბრალებენ. ამიტომაც გამოდევნა უფალმა ისინი სამოთხიდან. ეს „ცოდვილი" ყველა ჩვენგანშია, ეს თუ არ გაითავისე, ისე ვერ ითამაშებ.
პიესა ასევე ხელოვანის ცხოვრებას ეხმიანება. შემოქმედს, რომელიც ცდილობს რაღაც შექმნას, ყველაფერი თავზე ენგრევა. თუნდაც ჩვენს საქმიანობას რომ შევადაროთ, ძალიან რთულია დღეს აკეთო რაღაც მართალი და ეს დაანახო სხვებსაც.
-შეიძლება, ქუთაისი არ არის იდეალური ადგილი თქვენი ხელოვნებისათვის, რომ მაყურებლისაგან მეტი მხარდაჭერა გქონდეთ, გიფიქრიათ, თუ არა ადგილის შეცვლაზე?
-ქუთაისიც იქნება ოდესმე ის ადგილი, სადაც პოპულარული იქნება პანტომიმა, თუმცა ეს თავისთავად არ მოხდება, ჩარლი ჩაპლინიც რომ გავიხსენოთ, რომლის თაყვანისმცემელიც ვარ, ერთბაშად არ მოსულა მასთან აღიარება. რა თქმა უნდა მას არ ვედრები, მაგრა იმის თქმა მინდა, რომ ყველას უწევს რთული პერიოდის გავლა.
P.S. ქუთაისის პანტომიმის თეატრის შენობის საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ თეატრისათვის შენობის მოსაძიებლად სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით, შესაფერი შენობა შერჩეული არ არის.
ავტორი: ირინა მაკარიძე