|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობა ექნება

საქართველო იქნება არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობაც ექნება  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ სამიტზე განაცხადა, რომელიც  საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა.

მინისტრის თქმით, საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა.

სამიტს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.

მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition.

„ენერგეტიკის სექტორს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა ის უდიდეს ღირებულებას ქმნის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა. ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ ენერგეტიკის სექტორი და გვაქვს ამოცანა, მომდევნო ათ წელიწადში დადგმულმა სიმძლავრემ 11 500 მეგავატს მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობაც ექნება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, საქართველო, რომელიც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის პროცესის განუყოფელი ნაწილია, დიდ აქცენტს აკეთებს ინფრასტრუქტურის განახლებასა და მშენებლობაზე.

„საქართველომ დაიწყო შავი ზღვის 1300-მეგავატიანი წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. მოხარული ვართ, რომ ამ პროექტს უკვე მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ასევე ვართ მწვანე ენერგიის დერეფნის ნაწილი, რომელიც რეგიონული ინიციატივაა და საშუალოდ 4 700 მეგავატის სიმძლავრეს მოიცავს. სწორედ ამ სულისკვეთებითა და ათწლიანი გეგმით საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ ტრანზიტსა და ლოგისტიკაშიც. მთავრობა უზრუნველყოფს მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში (გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ა.შ.) მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მარია ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა