23 წლის ძალოსანი, რომელიც ქუთაისში წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
23 წლის შოთა მიშველიძე ქუთაისის მერიამ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. სპორტსმენი 13 წელია ძალოსნობით არის დაინტერესებული და არაერთი წარმატება მოიპოვა. სპორტის ამ სახეობით მამის რჩევით დაინტერესდა, ამბობს, რომ ეს სახეობა მეტ ხელშეწყობას საჭიროებს. 15 წლის ასაკში ევროპის პრიზიორი გახდა. 2017 წელს 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან სამი ოქროს მედლით დაბრუნდა. წლის საუკეთესო სპორტსმენი წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე „ნიუპრესს“ ესაუბრა.
„პირველ რიგში მინდა, ჩემს ქალაქსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალი წელი მივულოცო და ჯამრთელობა, ბედნიერება და წინსვლა ვუსურვო. რაც შემეხება მე, ვარჯიში დავიწყე 13 წლის წინ. იმ პერიოდში ნაკლებად პოპულარული გახლდათ ძალოსნობა, თუმცა მამაჩემი ახალგაზრდობაში ამ სპორტით იყო დაკავებული, მიამბობდა მის ახალგაზრდობაზე, თუ რამდენად კარგი იყო მისთვის ეს სპორტი და გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი. მინდოდა, მაგალითი ამეღო მისგან. ძალოსნობა რთული სპორტია დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, როგორც სხვა ყველა სპორტის სახეობა, არის ძალიან ტრავმული. თუმცა, ეს სპორტსმენზეა დამოკიდებული. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ჩვენი სკოლის გუნდური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, უფრო მეტადაც შეიძლება პოპულარიზაცია. რაც შეეხება ხელშეწყობას, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად არის დაფასება. მიხარია, რომ ჩემი ქალაქი ყოველთვის სამართლიანია ამ საკითხში და ყველა სპორტმენს მისი წარმატების მიხედვით გვერდში უდგას და ნაშრომს უფასებს“-ამბობს შოთა მიშველიძე.
დაუღალავი შრომის შედეგიც მალე მიიღო. 15 წლის ევროპის პრიზიორი გახდა. ტრამვის გამო სამი წელი სპორტს თავი დაანება. მიუხედავად რთული პერიოდისა, ევროპის ჩემპიონატიდან სამი ოქროს მედლით დაბრუნდა.
"ჩემი გამარჯვევები ადრეული ასაკიდან დაიწყო. 15 წლის ასაკში ევროპის პრიზიორი გავხდი 17 წლამდელთა შორის ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, აქედან დაიწყო ჩემი კარიერაც საქართველოს ნაკრებში. შემდეკ კიდევ იყო რამდენიმე მსგავსი წარმატება, თუმცა ტრავმების გამო 3 წელი გამიცდა, რაც ჩემს სპორტში საკმაოდ ხანგრძლივ დროს წარმოადგენს, თუმცა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი მაინც დავიკავე, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა და ფორმაში არ ვიყავი. 2017 წელი კი ნამდვილად ყველაზე წარმატებული იყო ჩემს კარიერაში, ჩემი მწვრთნელების და სიკეთით განწყობილი ადამიანების დახმთ თავი არ დამიზოგავს, მთელი წლის მანძილზე ვარჯიშით და შედეგიც გამოიღო. 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან სამი ოქროს მედლით დავბრუნდი, საქართველოს რამოდენიმე რეკორდიც მოვხსენი და გავაუმჯობესე და დიდების მსოფლიო ჩემპიონატზეც მესამე ადგილი დავიკავე. მიუხედავად იმისა რომ ასეთ წარმატებას არ ველოდი, რადგან ძალიან დიდი კონკურენცია იყო და შორიდან ვიცოდით იმ სპორტმენების შედეგები, ვინც ჩემს წონაში გამოდიოდნენ, თუმცა ჩემი მწვრთნელების პროფესიონალიზმისა და ჩემი ძალისხმევის წყალობით, ისეთი წონა დავძლიე, რაც დაძლეული არ მქონდა იმ დრომდე და მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი. ალბათ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება“,-განაცხადა შოთა მიშველიძემ.
ამბობს, რომ მიღწეული წარმატებების ფონზე წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებას ელოდა.
„წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებას რაც შეეხება, დაახლოვებით ვიცოდი, რადგან იმ პერიოდში მსგავსი შედეგები არავის ქონდა დადებული. თუმცა, საერთო ჯამში, ეს მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის, რადგან წლის დასაწყისში ამ წოდებაზე ვერც ვიოცნებებდი, ჩემი ფორმიდან გამომდინარე. ახლა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემართებით და მონდომებით ვემზადები. მარტის ბოლოს ტარდება ევროპის ჩემპიონატი ალბანეთში, სადაც დიდი ალბათობით, ვიასპარეზებ, ეს, რა თქმა უნდა, შედეგებზე და ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჩემზე, რაც იქნება დამოკიდებული, ბოლომდე დავიხარჯები და შეძლებისდაგვარად, დავიცავ ქვეყნის და ქალაქის ღირსებას“,-განაცხადა შოთა მიშველიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი